Loading data...
მაია ბითაძე სოხუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე სოხუმის უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მაია ბითაძემ ისაუბრა ქვეყანაში არსებულ ეკოლოგიურ გამოწვევებსა და იმ ინიციატივებზე, რომლებიც მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების ხელშეწყობასა და გარემოსდაცვითი პოლიტიკის გაძლიერებას.

ღონისძიებას დაესწრო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, რომელმაც სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ხაზი გაუსვა ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის პროცესში.

კომიტეტის აპარატის წარმომადგენლებმა სტუდენტებს წარუდგინეს პრეზენტაციები კომიტეტის საქმიანობისა და ნარჩენების მართვის სფეროში განხორციელებულ ღონისძიებებზე.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში გაიმართა, სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ ჩართულიყვნენ დისკუსიაში, დაესვათ კითხვები, გამოეთქვათ საკუთარი ხედვა და მოსაზრებები.