Loading data...
მაია ბითაძე რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-გაშენების პროექტის პრეზენტაციას დაესწრო

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენა-გაშენების მასშტაბური პროექტის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხები გარემოსდაცვითი ფონდის ბიუჯეტიდან გამოიყო, რომელიც გარემოსთვის მიყენებული ზიანის ფულადი ანაზღაურების შედეგად გადახდილი თანხებით შეიქმნა. რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტი გარემოსდაცვითი ფონდიდან დაფინანსებული პირველი პროექტია.

რუსთავის ჭალის ტერიტორიაზე, 160 ჰა ფართობზე მოეწყობა ტურისტულ-რეკრეაციული ინფრასტრუქტურა: საფეხმავლო და ველობილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, საპრეზენტაციო სივრცე, დამონტაჟდება ფრინველებსა და ცხოველებზე დაკვირვების პროცესისთვის საჭირო ფოტოხაფანგები, მტკვარზე მოეწყობა მყარი ნარჩენებისგან წყლის გამწმენდი ბარიერი, 24 ჰა ფართობზე კი, 60 ათასი ხის ნერგი დაირგვება.

კომიტეტის თავმჯდომარემ პროექტის მასშტაბურობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენის პროექტის განხორციელება ქალაქის რეკრეაციულ განვითარებას შეუწყობს ხელს, რომელიც მიმზიდველი იქნება როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვის.

პროექტის პრეზენტაციას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე და საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი შატაკიშვილი ესწრებოდნენ.