მაია ბითაძე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს: როდესაც გივი მიქანაძეზე ან „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრზე რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით, თქვენ თვითონ რა გაქვთ გაკეთებული ქვეყნის კეთილდღეობისთვის
„როდესაც გივი მიქანაძეზე ან „ქართული ოცნების“ რომელიმე წევრზე ვინმე რამეს იტყვით, კარგად დაფიქრდით, თქვენ თვითონ ვის რა გაქვთ გაკეთებული ევროინტეგრაციის გზაზე და საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობისთვის“, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მაია ბითაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს.
მაია ბითაძემ ოპონენტების მიერ გაკეთებულ იმ განცხადებებს უპასუხა, რომლებიც მმართველ პარტიას ყოფილ ხელისუფლებასთან აკავშირებენ.
„დღეს გვესაუბრებიან, რომ თურმე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები „ნაცები“ ვართ და თვითონ თურმე უმწიკვლო ადამიანები არიან. საუბრობენ გივი მიქანაძეზე, თითქოს ის ადეიშვილის მოადგილე იყო და ავიწყდებათ, რომ ზუსტად მათი კოლეგა, ზაზა თავაძე იყო ადეიშვილის მოადგილე, ალბათ ეშლებათ.
თქვენ საჯარო სამსახურში რეპრესიები ეტყობა არ იცით რა არის და ჩვენ, ვინც სააკაშვილის დროს ვიყავით საჯარო სამსახურებში, ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ გვერეკებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიტინგებზე. თუ ვინმე მიტინგზე არ წავიდოდა, როგორი რეპრესიები მიემართებოდა მათი ოჯახის წევრებზე.
დღეს აქ ბედავთ და რომელიმეს „ნაციონალს“ იმის გამო უწოდებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს საჯარო სამსახურში მუშაობდა? ძალიან გთხოვთ, „ნაციონალური მოძრაობის“ ძირძველმა წევრებმა „ქართულ ოცნებაზე“ ამ რეჟიმით საუბრისგან თავი შეიკავეთ“, - მიმართა მაია ბითაძემ ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს.