Loading data...
მაია ბითაძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრისას კლიმატის ცვლილების საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეფორმები განიხილეს.

მაია ბითაძემ კლიმატის კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა, რომელზეც კომიტეტმა სრულიად ახალი მიდგომით იმუშავა. მისი თქმით, კანონპროექტის შემუშავებას წინ „მწვანე“ და „თეთრი“ წიგნების, ეგრეთ წოდებული, საკონსულტაციო დოკუმენტების შექმნა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობა უძღოდა.

კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კლიმატის კანონმა ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩო უნდა ჩამოაყალიბოს, რომელიც სისტემურად მოაწესრიგებს ამჟამად ფრაგმენტირებულსა და სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში მიმოფანტულ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

შეხვედრის ფარგლებში ხაზი გაესვა სათბურის აირების ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და ვერიფიკაციის სისტემის (MRV) დანერგვის მნიშვნელობას. ეს ვალდებულება ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებით არის განპირობებული, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ქვეყნის მომზადებაა ემისიებით ვაჭრობისთვის.

მაია ბითაძემ აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოხატა.