Loading data...
ლევან მახაშვილი: ვინც არ უნდა გაგვაკრიტიკოს, ვინც არ უნდა უსამართლოდ მოგვექცეს, მთავარია გვახსოვდეს და დავიცვათ ჩვენი ორი უმთავრესი ეროვნული ინტერესი - მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და ქვეყნის გაერთიანება

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 4 წლის წინ, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციიდან ნაწყვეტი წაიკითხა და აღნიშნა, რომ რეზოლუციის მიღების მიზანს სისხლიანი ომის არდაშვება წარმოადგენდა.

„ვციტირებ - „მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი. სოლიდარობას უცხადებს მეგობარ უკრაინელ ხალხს, რომელსაც ყოველგვარი შესაძლო სამხედრო ესკალაციით მძიმე ზიანი შეიძლება მიადგეს“.

მაშინ დარბაზში მყოფმა არც ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, უფრო მეტიც, მას რუსული რეზოლუცია უწოდეს. არადა, ამ რეზოლუციის ერთადერთი მიზანი 21-ე საუკუნის ყველაზე სისხლიანი ომის არდაშვება იყო. მაშინ ხელისგულზე იდო ის ზიანი, რაც უკრაინას და არა მხოლოდ უკრაინელებს მიადგებოდათ. და ვინ აღმოჩნდა მაშინ მართალი? გავიდა ოთხი წელი და ამ დებულებებს ამერიკის პრეზიდენტი ყოველდღიურად იმეორებს. გავიდა ოთხი წელი და თითოეული დებულება, რომელიც ამ რეზოლუციაში ეწერა სიტყვასიტყვით ახდა და რეალობად იქცა.

გავიდა ოთხი წელი და აღმოჩნდა, რომ საქართველოს ხელისუფლების დაბალანსებულმა, პასუხისმგებლობიანმა პოლიტიკამ გადაარჩინა ეს ქვეყანა ნაკუწებად დაშლას. და სად არის ეს ხალხი, ვინც მაშინ ამას ხელი არ მოაწერა? სად არიან ისინი, ვინც მაშინ ამ ომს აქეზებდა? და ვისაც ომის დაშვება არ უნდოდა, მათ პრორუსებად ნათლავდნენ“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ლევან მახაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ყველა ქვეყანა თავის პოლიტიკას ატარებს - ზოგი რუსეთს უფრთხის, ზოგი - ჩინეთს და ზოგი კიდევ ამერიკას. ზოგმა კი საერთოდ გადაწყვიტა საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა და ქართველი ხალხის სახელით საუბარი.

„დიდ ძალებს შორის დაპირისპირებამ დღეს სრულიად ახალი რეალობა შექმნა, სადაც თითოეული ქვეყანა თავის პოლიტიკას წინა ხაზზე აყენებს და სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა - რატომ ეწოდება ერთ შემთხვევაში ამას პრაგმატიზმი და ეროვნული ინტერესების დაცვა, და როცა მიუღებელია, მეორე შემთხვევაში - დასავლური კურსიდან გადახვევა? გეოპოლიტიკური პროცესები ყველა ფლანგზე მიმდინარეობს, მაგრამ მთავარია, ჩვენ ვიცოდეთ რა გვინდა, რისთვის ვიბრძვით და რა არის ჩვენი ეროვნული ინტერესები? თავის დროზე, როდესაც ჩვენ ვიცოდით თუ რა იყო ჩვენი ეროვნული ინტერესები და გვქონდა პასუხისმგებლობიანი სახელმწიფოებრივი პოლიტიკა, ამან აგვარიდა ყველაზე მძიმე სცენარებს.

დღეს ვინც არ უნდა გაგვაკრიტიკოს, ვინც არ უნდა უსამართლოდ მოგვექცეს, ვინც არ უნდა აბსურდული, უშინაარსო რეზოლუციები მიიღოს, ჩვენთვის მთავარია გვახსოვდეს და დავიცვათ ჩვენი ორი უმთავრესი ეროვნული ინტერესი - მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და ქვეყნის გაერთიანება. ასეთ შემთხვევაში არ არსებობს დაბრკოლება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ვერ გადალახავს და სწორედ ასე შევძლებთ ერთობით სამშვიდობოს გასვლას“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.