Loading data...
ლევან მახაშვილი - საქართველო მედგრად დგას და ამაგრებს ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარს და პირნათლად იცავს თავის ვალდებულებებს

„ორი დღის წინ საგარეო საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირს მერვე ანგარიშისთვის ინფორმაცია მიაწოდა იმის თაობაზე, თუ რას აკეთებს საქართველო უვიზო რეჟიმის სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის. საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები, საკანონმდებლო გარემო, პრაქტიკა, პარლამენტის და მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, ევროკავშირის სააგენტოებთან თანამშრომლობის შედეგები, საერთაშორისო მონაცემები, სტატისტიკა, შეფასებები, ინდექსები და ასე შემდეგ - ყველაფერი მიუთითებს მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ობიექტური შეფასებით, საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ყველა სახელმწიფოსთან შედარებით ერთ-ერთი საუკეთესოა, როდესაც საქმე ეხება უვიზო მიმოსვლის სისტემის გამართულად ფუნქციონირებას და ევროკავშირის მოქალაქეების უსაფრთხოებას. საქართველო არათუ საფრთხეს უქმნის ვინმეს, არათუ საფრთხეს ქმნის და ხელს უწყობს რაიმე ტიპის პრობლემებს, არამედ პირიქით, მედგრად დგას და ამაგრებს ევროკავშირის აღმოსავლეთ საზღვარს და პირნათლად იცავს თავის ვალდებულებებს“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ლევან მახაშვილის თქმით, უვიზო რეჟიმი ხელისუფლებამ მოიპოვა და დღემდე ინარჩუნებს მას საქართველოს მოსახლეობისთვის.

„თუკი ვინმეს დღეს უვიზო რეჟიმის შენარჩუნება სურს, ეს, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ხელისუფლებაა. მაშინ, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები კარდაკარ დარბოდნენ სხვადასხვა დედაქალაქში, საქართველოს ხელისუფლებამ მოიპოვა ეს სარგებელი და დღემდე ინარჩუნებს მას საქართველოს მოსახლეობისთვის. თუკი ვინმეს სურს უვიზო რეჟიმის დაკარგვა, ეს, უპირველეს ყოვლისა, ქუჩის ოპოზიციაა, რომელიც უვიზო მიმოსვლას უყურებს როგორც პოლიტიკური ომის ინსტრუმენტს და საზოგადოების დაყოფის შესაძლებლობას. იმედი მაქვს, რომ ბრიუსელი არ დაუშვებს კიდევ ერთ შეცდომას და არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც თვითზიანის მეტს ევროკავშირს არაფერს მოუტანს. ჩვენ გვჯერა პატივისცემაზე დამყარებული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის, რომელიც საერთო ინტერესებს ემყარება და არა შანტაჟს და იძულებით ღონისძიებებს“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.