Loading data...
ლევან მახაშვილი: იმედია, ევროპა ამ კრიზისიდან მალე უფრო გამარჯვებული და ძლიერი გამოვა და საქართველო ნაწილი გახდება სწორედ იმ ევროპის, რომელიც დემოკრატიულ საფუძვლებს დაუბრუნდება

„დღეს ევროპის მთავარი გამოწვევა არის ის, რომ იგი ეკონომიკურად, სამხედრო თვალსაზრისით და პოლიტიკური გავლენების მხრივ, მსოფლიოს სხვა ძალებთან შედარებით, საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია. მსოფლიოში ყველაზე დიდი ომი მის ტერიტორიაზე მიმდინარეობს და გამოსავალიც ჯერ არ ჩანს. მთავარი ღირებულებითი კავშირი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის აშკარად დასუსტებულია, რაც მას კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაში აყენებს“, - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაზე ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გამოიკვეთა. როგორც ლევან მახაშვილმა აღნიშნა, აქამდე მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მიმდინარე ცვლილებებს ევროკავშირი ან თავად მართავდა, ან მათ შორიდან ადევნებდა თვალს, ახლა კი თავად ევროკავშირი მოიცვა ცვლილებებმა.

„ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გეომეტრიული პროგრესიით იზრდებიან ძალები, რომლებიც ანგრევენ ათასწლეულების განმავლობაში მოქმედ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს. როგორც ევროკავშირის ერთ-ერთმა პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, „დემოკრატიისთვის ბრძოლის“ სახელით მათი ხმების ჩახშობის მცდელობა დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში, დემოკრატიის დაზიანებაში გადაიზარდა“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო დიდი ხანია შეეჩვია, როდესაც შიდა რადიკალური ოპოზიცია და მათი უცხოური მფარველები ცდილობენ უგულებელყონ, ჩაახშონ და შეურაცხყოფა მიაყენონ განსხვავებულ, ეროვნულ, ხალხის ხმას. მაგრამ ეს მათ არ გამოუვიდათ და არ გამოუვათ. ამის ძალიან კარგი დამადასტურებელი ფაქტი კი ისაა, რომ სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი ცარიელია.

„დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში მათ წააგეს ეს ბრძოლა საკუთარ ხალხთან და საკუთარ ქვეყანასთან. იმედია, ევროპა ამ კრიზისიდან მალე უფრო გამარჯვებული და უფრო ძლიერი გამოვა და საქართველო ნაწილი გახდება სწორედ იმ ევროპის, რომელიც დემოკრატიულ საფუძვლებს დაუბრუნდება; იმ ევროპის, რომელიც პატივს სცემს განსხვავებულ აზრს და არ გაიბუტება პატარა ბავშვივით; იმ ევროპის, რომლისთვისაც რთული მდგომარეობიდან გამოსავალი შეიძლება იყოს მხოლოდ დიალოგი და არა კარის მიჯახუნება“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.