კულტურის კომიტეტმა მუზეუმების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა
პარლამენტის კულტურის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და სსიპ საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშები მოისმინეს.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია კომიტეტის წევრებს მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ გააცნო.
მომხსენებელმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის მნიშვნელობასა და ფუნქციებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული მუზეუმი საქართველოში ყველაზე დიდი სამუზეუმო გაერთიანებაა, რომელიც მრავალ მუზეუმსა და მდიდარ კულტურულ-სამეცნიერო კოლექციას აერთიანებს.
დავით ლორთქიფანიძემ ყურადღება გაამახვილა მუზეუმების განვითარების მიმართულებებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე, საცავებისა და კვლევითი ცენტრის მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით, მუზეუმების სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გაძლიერება კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
სსიპ - საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანების საქმიანობის შესახებ კომიტეტის წევრებს ინფორმაცია გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა გიორგი კალანდიამ გააცნო.
მომხსენებელმა სხვადასხვა მუზეუმსა და კულტურულ ობიექტში განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, დავით და გიორგი ერისთავების სასახლეში პირველი სართულის რესტავრაცია და 2026 წლის ბოლოს მუდმივმოქმედი ექსპოზიციის გახსნაა დაგეგმილი.
გიორგი კალანდიას თქმით, დადიანების სასახლეში დაგეგმილია დედოფლისეული სასახლის რეაბილიტაცია. მან ასევე აღნიშნა, რომ 2026 წელს ზუგდიდში გაიხსნა და უკვე ფუნქციონირებს ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი, სადაც მუდმივმოქმედი ექსპოზიცია მოეწყო.
ხელოვნების სასახლესთან დაკავშირებით მომხსენებელმა განაცხადა, რომ სამშობლოში დაბრუნდა XV-XIX საუკუნეების 14 ფერწერული ტილო. მისივე თქმით, მუზეუმმა ასევე შეიძინა ექვსი უნიკალური ხელნაწერი, მათ შორის, ნაპოლეონისა და ალექსანდრე დიუმას წერილები.
გიორგი კალანდიას ინფორმაციით, 2025 წელს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 9 ფუნდამენტური შრომა და კატალოგი გამოიცა, ასევე, გაიმართა 16 გამოფენა.
სხდომაზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში არსებული მუზეუმების მდგომარეობის შესახებ, რომელიც კომიტეტის წევრებს რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ ზურაბ იაშვილმა გააცნო.
მომხსენებლის განცხადებით, მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში 170-ზე მეტი სამუზეუმო დაწესებულება ფუნქციონირებს. ზურაბ იაშვილმა მუზეუმების წინაშე არსებულ ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ბოლო წლებში მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. მუზეუმების ნაწილი საგამოფენო ინვენტარით აღიჭურვა და სამუზეუმო სივრცეები განახლდა. თუმცა, როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, მუნიციპალიტეტების ნაწილში კვლავ მთავარ გამოწვევად რჩება სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოების საჭიროება.
ზურაბ იაშვილმა ყურადღება გაამახვილა მუზეუმებში ინკლუზიურობისა და ხელმისაწვდომობის საკითხზე. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი გამოწვევაა კვალიფიციური კადრების სიმცირეც.
სხდომაზე კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ მუზეუმების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება მუნიციპალურ მუზეუმებზე გაამახვილა.
მისი განცხადებით, კულტურის კომიტეტი რეკომენდაციებზე იმუშავებს, რომლებიც მუნიციპალური მუზეუმების განვითარების ხედვასა და ამ მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებს შეეხება.
გიორგი გაბუნიამ აღნიშნა, რომ მუზეუმების განვითარება მხოლოდ ინფრასტრუქტურის განახლებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია მუზეუმების შინაარსობრივი დატვირთვა, მათი აქტიური ფუნქციონირება და საზოგადოების, მათ შორის, ახალგაზრდებისა და უცხოელი ვიზიტორების ჩართულობა ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის პროცესში.
სხდომაზე მოსმენილი ინფორმაცია კომიტეტმა ცნობა მიიღო.