კულტურის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და სპორტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა მოისმინეს
კულტურის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა და სპორტის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა მოისმინეს.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდის დინამიკა მიმდინარე წელსაც გრძელდება.
„პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა 8,4% გვქონდა, მეორე კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9,5% იყო. ჯამში, უკვე გვაქვს 9-პროცენტიანი ეკონომიკურ ზრდა. შვიდი თვის მონაცემებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9,7%-ია. ჩვენ გადავხედავთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზს მატების მიმართულებით და ბიუჯეტთან ერთად, დავაკორექტირებთ წლევანდელი ზრდის მონაცემებსაც და, რა თქმა უნდა, ეს იქნება ზრდის მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მისივე თქმით, ინფლაციის მაჩვენებელი დაბალია როგორც მიზნობრივ ინფლაციასთან, ასევე იმ პარამეტრთან მიმართებით, რაც 2023 წელს ბიუჯეტით იყო განსაზღვრული და რაზეც ბიუჯეტი იყო გათვლილი.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 10 319.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა პირველ კვარტალში 201.4 მლნ. აშშ დოლარი იყო, შემცირება დაფიქსირდა, თუმცა ეს გამოწვეული იყო ვალდებულებების გასტუმრებით.
მისივე განცხადებით, წლის პირველ ნახევარში საქართველოს 3 მილიონზე მეტი ტურისტი ესტუმრა. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 1 898.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.2 პროცენტით მეტია გასული წლის მაჩვენებელზე.
2024 წლის იანვარ-ივნისის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლებიდან მნიშვნელოვანია გადასახადების მაჩვენებელი. საანგარიშო პერიოდში მობილიზებულია 11 539 633.6 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 105.3%. მისივე თქმით, რვა თვის შესრულება უკვე იმის მაუწყებელია, რომ წლის ბოლოსთვის საგადასახადო შემოსავლებში გადაჭარბება იქნება. გადაჭარბება არის, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების ნაწილში. პოზიტიურ დინამიკას აქვს ადგილი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილშიც.
კომიტეტებმა განხილული ინფორმაცია ცნობად მიიღეს.