კირცხალია რევაზ სოხაძეს: საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ თქვენ და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
მნიშვნელოვანია, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას თითქმის 70 კითხვას უპასუხა. ყველანი ვხედავთ იმ მეგაპროექტებსა და ძალიან კარგ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც კვირიდან კვირამდე, თვიდან თვემდე იხსნება. ამ ყველაფერთან ერთად, აუცილებელია ვისაუბროთ სხვადასხვა მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე. დღეს მინისტრმა პარლამენტში, სხდომაზე ყველა კითხვას უპასუხა, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ინფრასტრუქტურის მინისტრის, რევაზ სოხაძის ინტერპელაციის პროცედურის დასრულების შემდეგ გამართული დებატების დროს.
ირაკლი კირცხალიამ რევაზ სოხაძეს მადლობა გადაუხადა ამომწურავი პასუხებისთვის და საპარლამენტო უმრავლესობის სახელით, სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
„ინფრასტრუქტურის სამინისტრო ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებებით საქმიანობს. დარწმუნებული ვარ, თქვენი სტრატეგიითა და დასახული გეგმით, რომლითაც სამინისტროში მიხვედით, ყველაფერს წარმატებით აღასრულებთ. საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ“, - განაცხადა კირცხალიამ.