კახა ოქროჯანაშვილი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის აპარატის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი კახა ოქროჯანაშვილი და აპარატის უფროსის მოადგილე დავით ნოზაძე საქართველოში სტუმრად მყოფ უნგრეთის ეროვნული ასამბლეის აპარატის თანამშრომლებს შეხვდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
შეხვედრის მონაწილეებმა საქართველოს და უნგრეთის პარლამენტის აპარატებს შორის არსებული თანმშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და გამოცდილების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
კახა ოქროჯანაშვილი უნგრეთის პარლამენტის აპარატის ყოველდღიურ საქმიანობაში ახალი ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვის საკითხით და ამ მიმართულებით უნგრული მხარის გამოცდილებით დაინტერესდა.
კახა ოქროჯანაშვილმა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის აპარატის წევრებს საქართველოს პარლამენტის აპარატის საქმიანობის სპეციფიკა, მისი სტრუქტურა და ის რეფორმები გააცნო, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა. მათ შორის, საუბარი შეეხო საზოგადოებასთან ურთიერთობების კუთხით დაგეგმილ ღონისძიებებს, რომლებიც სკოლის მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისა და ეთნიკურ უმცირესობების წარმომადგენლებისთვის პარლამენტის საქმიანობის გაცნობას შეეხება.
უნგრელმა სტუმრებმა პარლამენტის აპარატის უფროსს უნგრელი კოლეგის მოკითხვა გადასცეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით კახა ოქროჯანაშვილმა მადლიერება გამოთქვა და უნგრეთის სენატის აპარატის უფროსი საქართველოში მოიწვია.
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში სტუმრობისას, უნგრეთის ეროვნული ასამბლეის აპარატის წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსსა და პარლამენტის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.