ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში ქვეყნის დემოგრაფიულ საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ ქვეყანაში დემოგრაფიის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, საკითხის შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადების მიზნით, სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
„ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, დემოგრაფიის პოლიტიკა გამოწვევაა და მოსახლეობის რაოდენობა მცირდება. ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი დემოგრაფიის საკითხია, თუმცა ბოლო წლებში, კოვიდ პანდემიის შემდეგ ქვეყანაში უარყოფითი დემოგრაფიული ბალანსია. ამიტომ გადავწყვიტეთ, კომიტეტში სამუშაო ჯგუფი შევქმნათ, რომელიც ბავშვიანი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშემწყობ რეკომენდაციებს შეიმუშავებს. ეს რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას წარედგინება“, - განაცხადა ზაზა ლომინაძემ.
კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, სამუშაო ჯგუფში პარლამენტის წევრებთან ერთად, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, რეგიონული განვითარების, იუსტიციის სამინისტროების, საპატრიარქოს, გაერო-ს მოსახლეობის ფონდის და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები გაერთიანდებიან. სამუშაო ჯგუფის მუშაობაში დროებითი წევრების სტატუსით მონაწილეობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, თბილისისა და ბათუმის მერიები და დარგის ექსპერტები მიიღებენ.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წარადგინა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის მობილური აპლიკაციების ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. მომხსენებლის განცხადებით, კანონპროექტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეებთან აქტიური კონსულტაციის შედეგად მომზადდა, შშმ პირებს ინფორმაციისა და კომუნიკაციების ხელმისაწვდომობის შესაძლებლობებს მისცემს. კანონპროექტის თანახმად, საქართველოს მთავრობა შესაბამის ტექნიკურ რეგლამენტს დაამტკიცებს, რომელშიც მობილურ აპლიკაციებზე ხელმისაწვდომობის საკითხები გაიწერება.
კომიტეტის წევრებმა კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.