ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საპენსიო სააგენტოს საქმიანობის ანგარიში მოისმინა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს 2024 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში მოისმინეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მომხსენებელმა, საპენსიო ფონდის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ საინვესტიციო და საოპერაციო საქმიანობის შესახებ ისაუბრა და კომიტეტის წევრებს ძირითადი სტატისტიკური მონაცემები გააცნო.
„2024 წელი საპენსიო სააგენტოს პორტფელებისთვის საკმაოდ კარგი წელი გამოდგა. სამივე პორტფელის ამონაგებმა ორნიშნა ზრდას მიაღწია. დინამიკურმა პორტფელმა გასული წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი გამოავლინა და წლიურმა ამონაგებმა 13.6% შეადგინა. დაბალანსებული პორტფელი ამავე პერიოდში 12.8%-ით გაიზარდა, ხოლო კონსერვატიული პორტფელის მოგებიანობამ, სადაც გლობალური აქციების წილი ყველაზე დაბალია, 11.6% შეადგინა, რაც ასევე საკმაოდ კარგი შედეგია“, - განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.
მისივე თქმით, 2024 წელს მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საპენსიო სააგენტოს ინტეგრაცია მსოფლიო ბანკის რეზერვების საკონსულტაციო და მართვის პარტნიორობის პროგრამაში (RAMP), რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა სააგენტოს სტრატეგიული აქტივების მართვის ჩარჩოს გაუმჯობესებაში. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ობლიგაციებში ინვესტირება.
მომხსენებლის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 8 363 პირზე გაცემულმა პენსიამ 40 მილიონ ლარამდე შეადგინა.
გიორგი ჭიჭინაძემ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ცვლილებების თანახმად, რომელიც 2025 წლის 1-ელი მაისიდან ამოქმედდა, შეიცვალა საპენსიო სააგენტოს დასახელება და სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი ეწოდა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საპენსიო სააგენტოს საქმიანობა დადებითად შეაფასა.