ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
2021 წლის 1-ელი აპრილიდან 2025 წლის 1-ელ ნოემბრამდე ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაცია ლეგალიზებულად ჩაითვლება და უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარება. ამასთან, ლეგალიზებული კომპენსაციის დაბრუნების თაობაზე საქმეებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული, სასამართლო და სააღსრულებო წარმოებები შეწყდება.
აღნიშნულ ცვლილებებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონპროექტთა პაკეტი ითვალისწინებს, რომელიც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ირინა წაქაძემ პირველი მოსმენით წარადგინა.
როგორც მომხსენებელმა განმარტა, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში განხორციელდება ზედმეტად გაცემული სახელმწიფო კომპენსაციის ლეგალიზაცია, რომლის შედეგად, შესაბამისი პირები/გარდაცვლილი პირების მემკვიდრეები სახელმწიფოს მიმართ კომპენსაციის ზედმეტად დარიცხვისა და გაცემის გამო წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებისაგან გათავისუფლდებიან.
ანალოგიური ცვლილებები ხორციელდება „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ და „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებში.
„წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილება შეეხება 1685 პენსიონერს, კომპენსაციის მიმღებ 250 პირს, სოციალური პაკეტის მიმღებ 300-ზე მეტ ოჯახს და საარსებო შემწეობის მიმღებ 1400-ზე მეტ ოჯახს. მთლიანობაში ლეგალიზებას დაექვემდებარება დაახლოებით 4,5 მლნ ლარი“, - განაცხადა მომხსენებელმა.
კომიტეტის სხდომაზე ასევე, პირველი მოსმენით განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი.
წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტიდან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონიდან დათხოვნილ პირებს, აგრეთვე მარჩენლის გარდაცვალების საფუძვლით კომპენსაციის მიმღებ ოჯახის წევრებს, რომლებსაც კომპენსაცია დანიშნული აქვთ 2006 წლის 1-ელ იანვრამდე და იღებენ აღნიშნულ კომპენსაციას ე.წ. შენარჩუნებული უფლების ფარგლებში, კომპენსაცია გადაუანგარიშდებათ „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საერთო წესის შესაბამისად.
კომიტეტის წევრებმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივებს მხარი დაუჭირეს.