ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში განიხილა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის ანგარიში განიხილა.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი შენარჩუნებულია, რაც ჯამში - 9.3%-ია. მისი თქმით, მარტში წლიური ინფლაციის დონემ 3.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო საშუალო ინფლაცია 1.7 პროცენტის დონეზეა.
როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5 618.6 მლნ აშშ დოლარია, აქედან ექსპორტია 1 401.2 მლნ აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი 4 217.4 მლნ აშშ დოლარი.
2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს 1 172.3 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 1.3 პროცენტით მეტია.
„2025 წლის იანვარ-მარტის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 6 406 300.0 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში კი მობილიზებულ იქნა 6 541 162.8 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 102.1%-ია“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, იანვარ-მარტის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 5 581 211.3 ათასი ლარით, საანგარიშო პერიოდში მობილიზებულ იქნა 5 700 392.3 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 102.1%.
როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2 მლრდ 199 მლნ ლარია ათვისებული, რაც კვარტალურ გეგმასთან 99, 6%-ია, ხოლო წლიურ გეგმასთან - 24,9%.
„სამინისტრო საკმაოდ თანმიმდევრულად და ზუსტად მიჰყვება პროგრამების განხორციელებას. თუ პროგრამულ დონეზე შევხედავთ, სოციალური პროგრამების ნაწილში, ჯამში, 1 მლრდ 562 მლნ ლარზე მეტი, ხოლო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებზე მიიმართა 541 მლნ ლარზე მეტი. დასაქმების პროგრამების მიმართულებით, 26,3 მლნ ლარია ათვისებული“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
კომიტეტმა დადებითად შეაფასა განხილული ანგარიში.