Loading data...
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილებას. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

როგორც მომხსენებელმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2024 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულებიდან გამომდინარე.

კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ, თელავის რაიონული სასამართლოს წარდგინების საფუძველზე, კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მესამე პუნქტებთან შეუსაბამოდ ცნო „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 191-ე მუხლის მესამე ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბლანკეტურად უშვებს სისხლის სამართლის სამართალწარმოების გაგრძელებისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას იმ პირისთვის, რომელიც დანაშაულის ჩადენის დროს შერაცხადი იყო, მაგრამ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ შეურაცხადი გახდა.

კანონპროექტის თანახმად: სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება ახალი ტერმინი - „პროცესუუნარო“; თუ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის შემდგომ გახდება პროცესუუნარო, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულის მკურნალობის მიზნით, შეჩერდება ან არ დაიწყება საქმის არსებითი განხილვა მაქსიმუმ 3 თვის ვადით; 3 თვის გასვლის შემდეგ პროცესი გაგრძელდება; სასამართლო გამოიტანს გამამტყუნებელ ან გამამართლებელ განაჩენს დღეს მოქმედი წესის შესაბამისად; თუ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში პატიმრობის ვადა არ შეჩერდება თუ შუამდგომლობის ინიციატორი ბრალდების მხარეა, ხოლო თუ ინიციატორი დაცვის მხარეა, აღნიშნული ვადა შეჩერდება.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, და აკაკი ალადაშვილი.