იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში“ ცვლილების შეტანას. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ მსვლელობის გზაზე და რკინიგზის სადგურებში ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვას განახორციელებს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი რკინიგზასთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.
ამასთან, აღნიშნული ტვირთის ნუსხას რკინიგზა დაადგენს დაცვის პოლიციის დეპარტამენტთან შეთანხმებით.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი პასუხისმგებელი იქნება მისთვის ჩაბარებული ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვაზე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
კანონის ამოქმედებამდე საქართველოს რკინიგზის მიერ ტვირთისა და სარკინიგზო ტრანსპორტის ობიექტების დაცვის მიზნით კერძო დაცვით ორგანიზაციებთან დადებული ხელშეკრულებები ძალაში რჩება მათი მოქმედების ვადის ამოწურვამდე.
კანონპროექტის ავტორია შინაგან საქმეთა სამინისტრო, ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.