Loading data...
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „პროკურატურის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტს თანამდევ საკითხებთან ერთად, რომელიც სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ წარადგინა.

კანონპროექტის თანახმად, უქმდება „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის, მისი პირველი მოადგილისა და მოადგილის თანამდებობა. აღნიშნული თანამდებობის პირებისთვის, აგრეთვე სამსახურის თანამშრომლებისთვის განისაზღვრა ფულადი კომპენსაციის მიცემის ვალდებულება.

ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზედაც „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით ვრცელდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობა, გადავა საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილია პროკურატურის თანამშრომლის მიერ.

კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ვალდებულება სამსახურის ლიკვიდაციის უზრუნველყოფასთან, ასევე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონებისა და ამ სამსახურის კუთვნილი დოკუმენტაციის განკარგვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელების თაობაზე.

„პროკურატურის საგამოძიებო უფლებამოსილებებში განისაზღვრება ის უფლებამოსილებები, რომლებიც აქამდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჰქონდა. საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, უზრუნველყოფილი იქნება გარანტიები, რომ გამოძიება მიუკერძოებელმა, დამოუკიდებელმა ორგანომ განახორციელოს, რაც უზრუნველყოფილი იქნება იმ ორგანოს მიერ, რომლის დამოუკიდებლობის სტანდარტი და საფუძველი თავად კონსტიტუციაა“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

მისი თქმით, კანონში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, აღმოფხვრილი იქნება ბუნდოვანება, რომელიც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სტატუსთან დაკავშირებით არსებობს და ამავდროულად, უზრუნველყოფილი იქნება დამოუკიდებლად გამოძიების შესაძლებლობა.