იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილება განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილებას, თანამდევ კანონპროექტებთან ერთად. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
კანონპროექტის თანახმად, იმ საქმიანობებისთვის, რომლებზეც გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება და ხდება საწარმოო ტექნოლოგიის განსხვავებული ტექნოლოგიით შეცვლა, ან ეცვლებათ ექსპლუატაციის პირობები, ან/და იზრდება წარმადობა, ასევე ხდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელების ადგილის გაფართოება, მოქმედი სკრინინგის პროცედურის ნაცვლად, გათვალისწინებულია გადაწყვეტილების მიღების ახალი მექანიზმი - ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ პროცედურა.
ამასთანავე, დადგინდება მოქმედი სკრინინგის პროცედურისგან განსხვავებული პროცედურული ვადები. კერძოდ, ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა განისაზღვრება 40-45 დღით (ნაცვლად სკრინინგის პროცედურით დადგენილი 10-15 დღისა).
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად დადგენილი მოსაკრებლის მსგავსად, ექსპლუატაციის პირობის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, ასევე, დგინდება მოსაკრებელი - 500 ლარი.
კანონპროექტით ცვლილებები შედის კოდექსის I და II დანართებში, რომლებითაც განსაზღვრულია გარემოზე ზემოქმედების შეფასებასა და სკრინინგის პროცედურას დაქვემდებარებული საქმიანობები.
ცვლილებით, აგრეთვე ზუსტდება სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას დაქვემდებარებული სტრატეგიული დოკუმენტების ჩამონათვალი.
საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.