იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით განიხილა, რომელიც ზოგიერთი სამართალდარღვევისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.
როგორც მომხსენებელმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ განაცხადა, კანონპროექტით გათვალისწინებულია სანქციების ზრდა ხუთი ძირითადი მიმართულებით.
პროექტით, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსება ან/და რეალიზაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ადგილებში, რომლებიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საამისოდ განსაზღვრული არ არის, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის - 5 000 ლარით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 15 000 ლარით.
კანონპროექტით, მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის დარღვევით განთავსება ან/და რეალიზაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აღნიშნული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საამისოდ განსაზღვრულ ადგილებში, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, იურიდიული პირის კი - 2 500 ლარით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 5 000 ლარით.
სანქციები იზრდება ამტვერებადი მასალის სველი მეთოდის გარეშე ისეთი დამუშავებისთვის, რაც მტვერჩახშობას ვერ უზრუნველყოფს. კერძოდ, ასეთი ქმედება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის − 5 000 ლარით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის − 10 000 ლარით.
კანონპროექტი ამტვერებადი მასალის გადაუხურავი სატრანსპორტო საშუალებით ან/და არასათანადოდ გადახურული სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდვა, რაც ამ მასალისგან წარმოქმნილი მყარი ნაწილაკების გარემოში მოხვედრის თავიდან აცილებას ვერ უზრუნველყოფს, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის − 2 500 ლარით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის − 5 000 ლარით.
ამტვერებადი მასალის დატვირთვა-გადმოტვირთვის ტერიტორიიდან ან/და სამშენებლო მოედნიდან ძარაგაურეცხავი ან/და საბურავგაურეცხავი სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის − 5 000 ლარით. აღნიშნული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის − 10 000 ლარით.
სანქციები იზრდება ბეტონმზიდი მანქანის გადაადგილებისას ამ მანქანიდან ბეტონის გზის სავალ ნაწილზე დაღვრისთვის. აღნიშნული სამართალდარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 5 000 ლარით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის - 10 000 ლარის ოდენობით.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ კანონპროექტს.
კანონპროექტის ავტორია ფრაქცია „ქართული ოცნების“ აპარატი, ხოლო ინიციატორები პარლამენტის წევრები: ირაკლი ქადაგიშვილი, მაია ბითაძე, შოთა ხაბარელი, დიმიტრი სამხარაძე, ნიკა ელისაშვილი, სალომე ჯინჯოლავა, ზურაბ რურუა, გიორგი ვოლსკი, დავით კაჭარავა, აკაკი ალადაშვილი, ირაკლი ხელაძე, ვლადიმერ ბოჟაძე, რიმა ბერაძე, ირმა ზავრადაშვილი, ნოდარ ტურძელაძე, ლევან მაჭავარიანი და ირაკლი ზარქუა.