ირაკლი მეზურნიშვილი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს შეხვდა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და უნგრეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი მეზურნიშვილი უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს, იშტვან იაკაბს შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ტურიზმის კიდევ უფრო განვითარების შესაძლებლობებზე.
შეხვედრისას ისაუბრეს უნგრეთში აპრილში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე, სადაც საქართველოს დელეგაცია სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მიიღებს მონაწილეობას.
საუბარი, ასევე, შეეხო ევროპულ სტრუქტურებში უნგრეთის მხრიდან საქართველოს მუდმივ მხარდაჭერას.
ირაკლი მეზურნიშვილმა ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს მადლობა გადაუხადა უნგრეთის მიერ ბუდაპეშტის უნივერსიტეტებში 80-მდე ახალგაზრდის სწავლის დაფინანსების გამო.
„ვისაუბრეთ ყველა იმ სფეროზე, რაც ჩვენ გვაკავშირებს. ძალიან სასიხარულოა, რომ ტურიზმი აქტიურად ვითარდება. მნიშვნელოვანია, რომ უნგრეთი აფინანსებს და ჩვენი ახალგაზრდებისთვის 80-მდე გრანტს გასცემს, რითაც მათ შესაძლებლობას აძლევს, განათლება ბუდაპეშტის უნივერსიტეტებში მიიღონ.
უნგრეთი ყოველთვის უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში. იქ, სადაც სამწუხაროდ დღეს სათანადოდ არ არის წარმოდგენილი ჩვენი ხმა, უნგრეთი ყოველთვის ახერხებს და იცავს საქართველოს ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და მეგობრობა გაგრძელდება“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი მეზურნიშვილმა.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ უნგრეთის ეროვნული ასამბლეის საპარლამენტთაშორისო ოფისის ხელმძღვანელი ლაიოშ კოჰარი და უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პეტრა პონევაჩ-პანა.