Loading data...
ირაკლი კირცხალია: როგორც საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებულმა ზეწოლამ და პროვოკაციებმა ვერც ქვეყნის ომში ჩათრევა და ვერც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა ვერ შეძლეს, ისევე უშედეგოდ დასრულდება „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის ნებისმიერი უსუსური მცდელობა

„საქართველომ უარი თქვა მეორე ფრონტის გახსნაზე და ამავდროულად, მტკიცედ დაიცვა საკუთარი სუვერენიტეტი, რამაც განაპირობა ის, რომ ურთულესი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ურთულეს რეგიონში არა მხოლოდ მშვიდობის შენარჩუნება შევძელით, არამედ ქვეყანა შეუქცევადი განვითარების გზაზე გავაყენეთ“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ძალების მხრიდან არათუ უსამართლო და აბსურდულ კრიტიკას ვისმენთ საქართველოსთან მიმართებით, არამედ ამ ძალების მიერ პროვოცირებული გადატრიალების რამდენიმე მცდელობა ავარიდეთ სახელმწიფოს თავიდან.

როგორც ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, მთელი ამ დროის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ბერკეტი, რასაც საქართველოს წინააღმდეგ მუქარის და შანტაჟის იარაღად იყენებენ, საქართველოს არჩევანია - გახდეს ევროკავშირის წევრი.

მისი თქმით, ამ გზაზე საქართველოს, ობიექტური შეფასებებით - ლიდერ სახელმწიფოს, ხელოვნურად უქმნიან დაბრკოლებებს და ყველაფრის გადაბრალებას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაზე ცდილობენ, რასაც, მათი გათვლით, საზოგადოების უკმაყოფილების ზრდა და ნებისმიერ ფასად ხელისუფლების ცვლილება უნდა მოჰყვეს.

ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ამ პროცესის ავანგარდში არა მხოლოდ არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი ევრო ბიუროკრატია და პოლიტიკური ლიდერები დგანან, არამედ ყოველგვარი დიპლომატიური სტანდარტის დარღვევით, პირდაპირ არიან ჩართულნი კონკრეტული ქვეყნების ელჩები, მათ შორის, ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.

„ჰერჩინსკის იმ განცხადებაზე რომ არაფერი ვთქვათ, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საზოგადოებას „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდებდა, ამავდროულად, ისიც რომ არ ვახსენოთ, რომ ის საქართველოს ხელისუფლებას აბრალებდა ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებას მაშინ, როდესაც კარგად იცოდა (და ეს თავად მისი სკანდალური წერილითაც დადასტურდა), რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი თავად ევრობიუროკრატებმა შეაჩერეს, მისი ბოლოდროინდელი განცხადებებიც კმარა იმის მისახვედრად, რომ ამ ადამიანის ქმედებებისა და განცხადებების უკან „დიფ სთეითის“ ხელწერა ჩანს. მიზანი კი ჩვენი ქვეყნისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ შეტევის ახალი ტალღის დაწყებაა“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

მისი შეფასებით, ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია ის, რომ პაველ ჰერჩინსკის მიერ საქართველოს ბნელ წარსულში დაბრუნებაზე გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე დღეში ადგილობრივმა პროპაგანდისტულმა საშუალებებმა ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის მორიგი აბსურდული კამპანია წამოიწყეს.

„ეს არავისთვისაა გასაკვირი, რადგან საზოგადოებამ კარგად იცის, რომ სწორედ მმართველი პოლიტიკური გუნდის საპატიო თავმჯდომარეა საქართველოს სუვერენიტეტისა და ჩვენი ქვეყნის მშვიდობის შენარჩუნების მთავარი გარანტი. ყველამ კარგად ვიცით ისიც, რომ ეს პროცესი არც დღეს დაწყებულა და არც გუშინ. ეს პროცესი წლებია, გრძელდება და თუ ვინმეს დაავიწყდა, შევახსენებ, რომ საუბარია ადამიანზე, რომელსაც საკუთარი პატრიოტული პოზიციის გამო უკვე კარგა ხანია, არაფორმალური სანქციებით ებრძვიან“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

მისი თქმით, არც ის არის შემთხვევითი, რომ უცხოელი პატრონების დავალებით ადგილობრივი პროპაგანდისტები ყველაზე სენსიტიური თემით ცდილობენ ბიძინა ივანიშვილის დაზიანებას.

„საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდ ქველმოქმედს სწორედ ქველმოქმედების კუთხით ცდილობენ ჩრდილი მიაყენონ, რაც, დამერწმუნეთ, ამ ქვეყნის ნებისმიერი საღად მოაზროვნე მოქალაქისთვის ღიმილისმომგვრელია. როგორც საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებულმა ზეწოლამ და პროვოკაციებმა ვერ გამოიღო შედეგი და ვერც ქვეყნის ომში ჩათრევა და ვერც ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა ვერ შეძლეს, ისევე უშედეგოდ დასრულდება არაფორმალური, ოლიგარქიული ძალებით მოქმედი აქტორების მიერ „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის დისკრედიტაციის ნებისმიერი უსუსური მცდელობა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.