Loading data...
ირაკლი კირცხალია: მივმართავ რადიკალურ ძალებს, თქვენ ასრულებთ უცხო ქვეყნების დავალებებს და ატარებთ მათ ინტერესს საქართველოში, ამიტომაც ხართ უსამშობლო აგენტები

„მივმართავ რადიკალურ ძალებს - რაზეც არ უნდა ისაუბროთ, ვისგანაც არ უნდა მიიღოთ დავალებები, გაერთიანების მერამდენე წრეზეც არ უნდა წახვიდეთ, როგორც არ უნდა შეფუთოთ და რა პიარტექნოლოგიაც არ უნდა გამოიყენოთ თქვენი უდღეური, უსუსური, ვითომდა პოლიტიკური ალიანსის ბრენდირებისთვის, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ თქვენ ახალი გაერთიანება კი არა, ისევ ის ძველი - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხართ და წარმოადგენთ სისხლიან რეჟიმს, რომელმაც ჩვენს ხალხსა და სამშობლოს არაერთი უბედურება დაატეხა თავს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კირცხალიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ არა საქართველოს მოსახლეობის, არამედ უცხოელი პატრონების ბრძანებებს ასრულებს. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა და ნიკა გვარამიამ, დაადასტურეს, რომ გაერთიანების შესახებ დავალება გარე პატრონებისგან მიიღეს.

„არაფრად გიღირთ ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია, რომელიც ბუნებრივია, არც გქონდათ, არც გაქვთ და არც აღარასდროს გექნებათ. ამიტომაცაა რომ შველას უცხოელი პატრონებისგან ელოდებით, მით უფრო იმ ფონზე, რომ პოლიტიკური ყოფნა არ ყოფნის ზღვარზე ხართ.

ამიტომაცაა, რომ საქართველოს წინააღმდეგ დასახული ყოველი ჩავარდნილი გეგმის შემდეგ ახალ-ახალ უცხოელ პატრონებს ეძებთ, თუმცა, ვერ იაზრებთ, რომ ამ ქვეყანაში გადამწყვეტი სიტყვა ქართველ ხალხს ეკუთვნის!

თქვენ ასრულებთ უცხო ქვეყნების დავალებებს და ატარებთ მათ ინტერესს საქართველოში, ამიტომაც ხართ უმორალო, უსამშობლო აგენტები! თქვენგან განსხვავებით, ქართველი ხალხის მანდატით აღჭურვილი „ქართული ოცნება“ ასრულებს ჩვენი მოსახლეობის დაკვეთას, პირნათლად იცავს სახელმწიფო ინტერესსა და სუვერენიტეტს, შესაბამისად, ამიტომაც ვართ და ამიტომაც ვიქნებით ხელისუფლებაში, განსხვავებით თქვენგან, უცხო ქვეყნის აგენტებისგან, ვისი ადგილიც არა ქართულ პოლიტიკაში, არამედ პოლიტიკურ სანაგვეზეა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.