გრეტა წიწავა: უსამშობლო რადიკალების სეზონური ალიანსებისა და თემატური გაერთიანებებისთვის ქვეყნის წინსვლა უდრის მათ უკუსვლას, ამის შეგუება უჭირთ, მაგრამ მოუწევთ
„ბოლო ორ არჩევნებს თუ გავიხსენებთ და ამ არჩევნებში რადიკალური ოპოზიციის მდგომარეობას, ხალხი კარგად ხედავს, როგორ არიან გადასულები მილევად რეჟიმში, მაგრამ არ ასვენებთ პოლიტიკური გამჩენი ქვეყნის გარეთ და უწევთ ასე, ერთმანეთის წიოკში ურთიერთობა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გრეტა წიწავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიასა და მათ გარემოცვაზე ქართულ საზოგადოებას ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი და ბევრი ტრაგიკული ისტორია ახსენდება.
„ხანდახან შემოგვაპარებენ სიტყვათა წყობას - რა დროს ამ ისტორიების გახსენებააო. უკაცრავად, თქვენ გინდათ უთხრათ ადამიანებს და ოჯახებს, რომლებმაც ეს ტრაგედიები და ისტორიები გამოიარეს, დაივიწყეთ ყველაფერიო?! ამ ტრაგედიების შემოქმედებმა და განმახორციელებლებმა განახლებული პიჯაკებით და მენტორული ხმით მორიგი დავალება მიიღეს, თავს შემოუძახეს და გადაწყვიტეს, მოგიკაკუნონ კარებზე და ბოდიშმოუხდელად გითხრან - არა უშავს რომ გაწამებდით და ხმაში რიხიც კი გაურიონ - რით ვერ დაივიწყეთ ეს ჩვენი წამებაო. ხელისუფლებაში რომ იყვნენ და მავნებლობდნენ, ეს ვიცით და ვიგემეთ, მაგრამ მათზეა ნათქვამი - ჩვევა რჯულზე უმტკიცესიაო და ოპოზიციაშიც შეძლებისდაგვარად გააგრძელეს მავნებლობა“, - განაცხადა გრეტა წიწავამ.
მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში მათი მავნებლობის ღია მაგალითები გვხვდება ქვეყნის შიგნით თუ ევროსტრუქტურების დერეფნების მისადგომებთან.
„საინტერესოა, აღნიშნული ალიანსის წარმომადგენლები ხალხთან შეხვედრას რომ აანონსებენ, რას იტყვიან მოზარდებში ლგბტ პროპაგანდასთან, ან ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით - რა პოზიცია აქვთ?! უნდა გააუქმონ კანონები, რასაც ევრო ბიუროკრატები ყველა უსამართლო რეზოლუციაში თავშიც და ბოლოშიც ითხოვენ?“, - აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ.
მისი განცხადებით, მილიონ 200 ათასამდე ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი და ეს იმას ნიშნავს, რომ მხარი დაუჭირა მის საშინაო და საგარეო პოლიტიკას.
„ჩვენი ყველა გადაწყვეტილება მიმართულია ხალხის კეთილდღეობაზე, მშვიდობის განმტკიცებაზე, ქვეყნის წარმატებაზე და ეს ყველაფერი საქმით არის დადასტურებული. უსამშობლო რადიკალების სეზონური ალიანსებისა და თემატური გაერთიანებებისთვის ქვეყნის წინსვლა უდრის მათ უკუსვლას. ამის შეგუება უჭირთ, მაგრამ მოუწევთ. ასეთია ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. მიუხედავად გამოწვევებისა და მასში გაზავებული ზოგ ზოგიერთი ევრო ბიუროკრატის გესლისა, ქართველი ხალხის გულიანი მხარდაჭერით ყოველთვის დავიცავთ საქართველოს ქვეყნის შიგნით და გარეთაც“, - განაცხადა გრეტა წიწავამ.