გივი მიქანაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის შეხვდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული განსაკუთრებულად მეგობრული და ტრადიციული ურთიერთობები მიმოიხილეს და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
როგორც გივი მიქანაძემ შეხვედრისას აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის არსებობს ბევრი პოტენციალი იმისა, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდეს და გამრავალფეროვნდეს.
„განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის მიმართულება გვაძლევს შესაძლებლობებს, რომ მრავალმხრივ ჭრილში ურთიერთობებს კიდევ უფრო ახალი დინამიკა შევძინოთ. ელჩს ვთხოვე, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიგეგმოს კომიტეტის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში, სადაც შეხვედრები გვექნება თურქეთის დიდი მეჯლისის ანალოგიური კომიტეტის წარმომადგენლებთან, სამინისტროში, მეცნიერებათა აკადემიაში. ვესტუმრებით ადგილობრივ უნივერსიტეტებს და შევთანხმდებით თანამშრომლობის ორმხრივ ფორმატებზე, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ეს დინამიკა კიდევ უფრო ინტენსიური გავხადოთ. ასევე, ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით, გავმართოთ ყოველწლიური შეხვედრები ერთობლივი საკომიტეტო განხილვების ფორმატში, შევიმუშაოთ წინადადებები და რეკომენდაციები, რომელსაც აღმასრულებელ ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებს წარვუდგენთ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ელჩმა სრული მზადყოფნა გამოთქვა ამ მხრივ თანამშრომლობისთვის და პოზიტიურად გამოეხმაურა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ შეთავაზებულ წინადადებას.
„ეს იქნება ძალიან კარგი გაგრძელება იმ ურთიერთობისა, რომელიც ორ ქვეყანას და ორ ხალხს შორის არის ჩამოყალიბებული. მაქსიმალურად ხელს შევუწყობ ამ პროცესს, რათა ვიზიტი მაქსიმალურად შედეგიანად განხორციელდეს“, - განაცხადა ალი ქაან ორბაიმ.
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში თანამშრომლობაზე. ყურადღება გამახვილდა აპრილის ბოლოს, უსაფრთხოების საკითხებზე, ანტალიაში გამართულ მნიშვნელოვან სემინარზე, ისევე, როგორც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაზე და ზოგადად, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში თურქეთის დელეგაციასთან აქტიურ თანამშრომლობაზე.
„წარვადგინე კონკრეტული მოსაზრებები ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში, თურქეთის დელეგაციასთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ამ კუთხითაც ელჩმა მზაობა გამოთქვა თანამშრომლობისთვის და განაცხადა, რომ იგი ამ ინფორმაციას აუცილებლად მიაწვდის შესაბამის სამსახურებს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.