გივი მიქანაძე ასპინძის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე, ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების - დამალისა და ტოლოშის საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
სოფელ დამალის საჯარო სკოლა 840 მოსწავლეზე, ხოლო სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლა 260 მოსწავლეზეა გათვლილი.
სკოლებში საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად მოეწყობა საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი; საკონფერენციო და სააქტო დარბაზები; სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები. სკოლები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
სოფელ დამალისა და სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციისა და აღჭურვის პროექტს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.
გივი მიქანაძე ასპინძის მუნიციპალიტეტში ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარ დეპუტატ ანტონ ობოლაშვილთან, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ბესიკ ამირანაშვილთან და სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველ მოადგილე ლევან მუშკუდიანთან ერთად იმყოფებოდა.