Loading data...
გივი მიქანაძე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანისა და სოფელ დადეშის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

სოფელ ალასტანის საჯარო სკოლა 250 მოსწავლეზე, ხოლო სოფელ დადეშის საჯარო სკოლა 260 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლებში საგანმანათლებლო სივრცეების პარალელურად, იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი და რესურსოთახი.

მოეწყობა სპორტული ინფრასტრუქტურა და რეკრეაციული სივრცეები.

სკოლები სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციისა და აღჭურვის პროექტს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს.

გივი მიქანაძესთან ერთად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ ახალქალაქი-ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ მანუკიანი, პარლამენტის წევრი სუმბატ კიურეღიანი, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ლევან მუშკუდიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერი მელქონ მაკარიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.