Loading data...
გიორგი ვოლსკი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ელჩ კრისტოფ შპეტის შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, ელჩ კრისტოფ შპეტის შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობაზე და განიხილეს ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შედეგები. ასევე, მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და პოლიტიკური პროცესები.

„მომავალი წლიდან შვეიცარია ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანაა. სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელთან შეხვედრისას, რომელიც ამავე დროს ჩართულია ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში როგორც ერთ-ერთი თანათავმჯდომარე, ვისაუბრეთ მოსაზრებებზე, რომელიც ამ პროცესის განვითარებასთან დაკავშირებით შვეიცარიას აქვს. განვიხილეთ რეგიონში შექმნილი ვითარება და პოლიტიკური პროცესები“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ შეხვედრის დასრულების შემდეგ.