გიორგი გაბუნია პროექტ „გიგანტური წიგნების“ მეორე ტომის წარდგენას დაესწრო
ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში პროექტ „გიგანტური წიგნების“ მეორე ტომის წარდგენა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ მიიღო.
პროექტ „გიგანტური წიგნების“ ფარგლებში გაზეთ „ივერიის“ 1887 წლის ნომრების სრული კომპლექტი გამოიცა.
პროექტი მიზნად ერთი მხრივ, ეროვნული ბიბლიოთეკის საცავებში დაცული დედნების გადარჩენას, მეორე მხრივ კი უნიკალური მასალების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და გაადვილებას ისახავს.
გიორგი გაბუნიამ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ეს გამოცემა ძალიან მნიშვნელოვანია ლიტერატორებისთვის, ისტორიკოსებისთვის, მეცნიერებისთვის, მკვლევრებისა და თითოეული ადამიანისთვის, ვისაც ჩვენი ისტორია და კულტურა უყვარს“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
გაზეთ „ივერიის“ კომპლექტების გამოცემას ფონდი „ქართუ“ აფინანსებს. „ქართუ“ ილია ჭავჭავაძის ინიციატივით დაარსებული გაზეთ „ივერიის“ ოცი წლიური კომპლექტის გამოცემას გეგმავს.
გიორგი გაბუნიამ მადლობა გადაუხადა პროექტის ავტორ ნოდარ დუგლაძეს, ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორ კონსტანტინე გამსახურდიას, პროექტის თითოეულ მონაწილეს და ფონდს „ქართუ“, რომელმაც უზრუნველყო ამ პროექტის დაფინანსება.
მისი თქმით, ფონდმა უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ქართული კულტურისა და ხელოვნების განვითარებაში.
პროექტი „გიგანტური წიგნები“ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომლის ნოდარ დუგლაძის ინიციატივით, 2025 წელს დაიწყო და XIX-XX საუკუნეების ქართული პერიოდიკის (ჟურნალები და გაზეთები) ხელახლა გამოცემას გულისხმობს.
გათვალისწინებულია როგორც ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ისე სხვაგან (ბიბლიოთეკები, არქივები, კერძო კოლექციები) დაცული ეგზემპლარების გაციფრულება, ორიგინალის ფორმითა და ზომით დაბეჭდვა.