Loading data...
გიორგი გაბუნია: გაჩნდა რწმენა იმისა, რომ შეგვიძლია ვიყოთ ერთიანი, ერთ მუშტად შეკრული ერი, როგორც ჩვენი ეკლესიის, ასევე ჩვენი ქვეყნის ინტერესების ირგვლივ

„ორი კვირა გავიდა, რაც ჩვენმა ქვეყანამ, ერმა დაკარგა უძვირფასესი ადამიანი - ჩვენი პატრიარქი ილია II. ჩვენი ეკლესიის და მთელი ერის მამა, ადამიანი, რომელმაც 69 წლიანი ბერული ცხოვრებისა და 49 წლიანი პატრიარქობის პერიოდში, მოწამეობრივი და მოციქულებრივი ღვაწლით, მთელი სიმძიმით იტვირთა ჩვენი ერისა და ქვეყნის სულიერი ტვირთი. ის, რაც მისი დაკრძალვის დღეს და სამძიმრის დღეებში ვიხილეთ, ეს იყო უპრეცედენტო, ისტორიული და ჩემთვის პირადად - ქართველი ერის სულიერი აღდგომა. რაც მთავარია, გაჩნდა რწმენა იმისა, რომ შეგვიძლია ვიყოთ ერთიანი, ერთ მუშტად შეკრული ერი, როგორც ჩვენი ეკლესიის, ასევე ჩვენი ქვეყნის ინტერესების ირგვლივ“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი გაბუნიამ.

მისი თქმით, ეს გულისხმობს ისეთ სახელმწიფოსა და საზოგადოებას, სადაც ძლიერია ეროვნული იდენტობის, ტრადიციებისა და ღირებულებების დაცვა, რაც ერთადერთი იმუნიტეტია დღეს, თანამედროვე გლობალური ქარტეხილების ეპოქაში, რასაც წლების განმავლობაში ებრძოდნენ.

„სწორედ ამას ებრძოდნენ საშინელი ინფანტილური ისტერიით და განსაკუთრებით ეკლესიას, რადგან კარგად იციან, რომ საზოგადოებაზე ზეგავლენის მოპოვება, რომელსაც ზურგს ძლიერი ეკლესია უმაგრებს, რთულია“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

მისი თქმით, ეს ბრძოლა 2003 წელს დაიწყო, როდესაც ქვეყნის სათავეში გარედან მართული აგენტურა მოიყვანეს. როგორც მან აღნიშნა, პატრიარქის ინტერვიუ, რომელიც 2004 წელს არის ჩაწერილი, სწორედ ამ ბრძოლის დაწყების პერიოდს და მაშინდელი პოლიტიკური მმართველი ძალის შემზარავ სახეს ასახავს.

„იმ პერიოდში შეტევა მიმდინარეობდა არა მხოლოდ ეკლესიაზე, არამედ განათლების სისტემაზე, მეცნიერებზე, კულტურის სფეროზე. ამ ბრძოლამ შეიძინა საშიში ანტიეროვნული და ანტისახელმწიფოებრივი ხასიათი, რომელსაც ზურგს მაშინდელი რეჟიმი უმაგრებდა. მიზანში ამოიღეს დიდი სახელები და გვარები, ვისაც ავტორიტეტი ჰქონდა საზოგადოებაში. ეს დაპირისპირება წარმოებდა და შეფუთული იყო, ვითომდა უფრო სწორი, პროგრესული ხედვის საბაბით. მაგრამ სინამდვილეში ეს იყო სრულიად მდაბიო და უბადრუკი ბრძოლა - ერთი მხრივ, თვითდამკვიდრებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, ქვეყანაში ავტორიტეტების განადგურებისთვის. მათ არ სჭირდებოდათ ავტორიტეტები არსად და ამ ადამიანების გარიყვით და განეიტრალებით ცდილობდნენ ჩვენი ინტელექტუალური და სულიერი საძირკვლები მოენგრიათ“, - განაცხადა კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ.

გიორგი გაბუნიას განცხადებით, როდესაც მთელი ერი და ქვეყანა პატრიარქის გარდაცვალებას გლოვობდა, პარლამენტის წინ, დროიდან და სივრციდან ამოგლეჯილი რამდენიმე გარედან დაფინანსებული ადამიანი კვლავ იდგა რუსთაველის გამზირზე შეკვეთილი და ყავლგასული ბანერებით - მაშინ, როდესაც ჩვენმა მუსლიმმა ძმებმა და დებმა რამაზან ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნა გააუქმეს და საერთო მწუხარება გაიზიარეს.

„ამ დროს ისინი, ვინც ევრობიუროკრატიიდან ტოლერანტობასა და დემოკრატიას გვასწავლიან - მათგან ერთი სამძიმრის წერილიც კი ვერ მივიღეთ. მათი პრომოაქტივისტები განაგრძობენ სიბნელეში ღამღამობით გამოჩენას. როდესაც სიბნელეში არსებობას ეჩვევი, მერე სინათლე თვალებს ჭრის და ვხედავთ, რომ ადამიანი არასოდეს განიცდის სინდისის ქენჯნას ჩვეულებად ქცეული უგუნურების გამო“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

მისი თქმით, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია იმართება სინოდალური მმართველობით, რაც მყარი გარანტიაა ეკლესიის დამოუკიდებლობისა.

„დღეს ეკლესია ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს საქართველოს ისტორიაში და სწორედ ეს არის ჩვენი ძვირფასი, აწ უკვე გარდაცვლილი პატრიარქის ღვაწლი და დამსახურება. მან ქართულ ეკლესიაში ოქროს ხანა შექმნა. მისმა უწმინდესობამ დაგვიტოვა ანდერძი და ეს არის ურთიერთსიყვარული, მოთმინება, მიმტევებლობა და ერთიანობა. ვისაც ჰგონია, რომ დღეს ჩვენს ეკლესიას აღარ ჰყავს პატრიარქი და ეკლესია სუსტია, თვლის და მიაჩნია, რომ ხელების ფათური შეუძლია ეკლესიის საქმეებში და იმ ბინძური მეთოდების გამეორება, რაც 2003-2012 წლებში ხდებოდა - მწარედ ცდება. მე, როგორც ამ ქვეყნის შვილმა, მინდა ვისურვო, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავდეს ისეთი პატრიარქი, რომელიც გააგრძელებს ილია II-ის გზას, გააგრძელებს ერის სულიერ და მორალურ გაძლიერებაზე ზრუნვას და შეეწევა ჩვენს ქვეყანას, რომ ამ ურთულეს დროში, როდესაც დანაღმულ ველს ჰგავს მთელი მსოფლიო - მშვიდობით, სიბრძნით, გონიერებით, მოთმინებით, ერთობით გავიდეთ სამშვიდობოს“, - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.