გიორგი გაბუნია ანზორ ერქომაიშვილისა და თამარ მამალაძის საფოსტო მარკების პრეზენტაციას დაესწრო
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ანზორ ერქომაიშვილისა და თამარ მამალაძის საფოსტო მარკების პრეზენტაციას დაესწრო. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამოცემული საფოსტო მარკა მისი სახელისა და ღვაწლის უკვდავყოფას ემსახურება.
ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით ასევე გამოიცა საფოსტო მარკა თამარ მამალაძის - პირველი ქართველი ქალი ეთნომუსიკოლოგის პატივსაცემად, რომელიც მე-20 საუკუნის 50–70-იან წლებში საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებში მდებარე სოფლებს ესტუმრა და უნიკალური ფოლკლორული ჩანაწერები შექმნა.
ფოლკლორის ცენტრმა მისი მემკვიდრეობა კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გააციფრა და წელს მრავალტომეულად გამოსცემს.
ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს სიმბოლურად გადაეცათ საფოსტო მარკების პირველი ეგზემპლარები.