Loading data...
გიორგი ჩაკვეტაძემ და ვლადიმერ ბოჟაძემ „თბილისის კალათბურთის სასკოლო ლიგის“ დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ და კომიტეტის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ „თბილისის კალათბურთის სასკოლო ლიგის“ დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ სასკოლო ლიგა, როგორც მასობრივი, ისე პროფესიული სპორტის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

„სასკოლო ლიგის პროექტი თბილისის საკრებულოს ინიციატივით, 2019 წელს დაიწყო. პროექტი განვითარდა და წელს უკვე 20 000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და სასკოლო ლიგა ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია. პროექტის მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

პროექტის მონაწილეებს გამარჯვება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემაც მიულოცა.

ღონისძიება თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მხარდაჭერით და ა(ა)იპ „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის“ ორგანიზებით გაიმართა.

პროექტის მიზანი მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
სასკოლო ლიგა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით იმართება.

ღონისძიებას საკრებულოსა და მერიის, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

2024-2025 სასწავლო წელს სასკოლო ლიგა თბილისსა და რეგიონებში სპორტის 15 სახეობაში გაიმართება და მასში 500-მდე სკოლის 20 000-ზე მეტი მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.