გიორგი ჩაკვეტაძე: თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების მიზანი ორივე მათგანის სიმძლავრის გაზრდა, დახვეწა და სტუდენტებისა და პროფესორების ინტერესებზე მორგებაა
„სასკოლო რეფორმით სისტემა 11-წლიან სწავლებაზე გადავა და მე-12 კლასი არჩევითი იქნება. პირველ კლასში ის ბავშვები დარეგისტრირდებიან, რომლებსაც ექვსი წელი 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ. სასკოლო ფორმის ტარება პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება. სრულად განახლება სასკოლო სახელმძღვანელოები და სამინისტრო საჯარო სკოლებისთვის მას ისევ უფასოდ დაარიგებს. კერძო სკოლების შემთხვევაში კი, მას კონკრეტული კონტინგენტი მიიღებს“, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ.
მისი განმარტებით, საგაკვეთილო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენება შეიზღუდება და დადგინდება სკოლებში ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენების წესი.
„ახალ წლამდე ჩვენ მივიღეთ საუნივერსიტეტო რეფორმის პირველი პაკეტი, რომლითაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა უფასო ხდება, ინერგება 3+1+1 მოდელი. შევთანხმდით პრინციპზე - 1 ქალაქი ერთი ფაკულტეტი, სწავლება და კვლევები ერთმანეთთან ინტეგრირდება. „ქართული ოცნება“ არის პირველი ხელისუფლება, რომელმაც ეს შეძლო. დღეს კი განვიხილავთ რეფორმის მეორე პაკეტს, რომლითაც შემოდის წამყვანი პროფესორის სტატუსი. იხვეწება სახელმწიფო უნივერსიტეტების რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის პროცედურები. სასწავლებლებს შეეძლებათ კონკრეტული ვადით განახორციელონ ის პროგრამები, რომლებიც მთავრობის დადგენილებით არ იქნება გათვალისწინებული. გაუმჯობესდება ასევე სამეცნიერო და კვლევითი სიმძლავრეები“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
მისივე განმარტებით, თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების მიზანი ორივე მათგანის სიმძლავრის გაზრდა, დახვეწა და სტუდენტებისა და პროფესორების ინტერესებზე მორგებაა.
„გვაქვს ვალდებულება ავამაღლოთ განათლების ხარისხი და ის საერთაშორისო სტანდარტებს კიდევ უფრო დავუახლოოთ. სწორედ, გაერთიანების შემთხვევაში იქნება შესაძლებელი პროფესორ-მასწავლებლებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენარჩუნება. პირობას ვაძლევ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, რომ ეს პროცესი წარიმართება ინკლუზიურად და ყველა აქტორის ჩართულობით“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.