Loading data...
გიორგი ჩაკვეტაძე ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

თბილისის საკრებულოში ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ ღონისძიება გაიმართა, რომელსაც პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე და კომიტეტის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე დაესწრნენ.

გიორგი ჩაკვეტაძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. მან განსაკუთრებული ყურადღება ინკლუზიურ განათლებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ინკლუზიურ განათლებაზე ზრუნვა სახელმწიფოს პრიორიტეტს წარმოადგენს. მისივე თქმით, ბოლო წლებში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან ინკლუზიური განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ განათლების რეფორმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეფორმის ეროვნულ კონცეფციაში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სწორედ სასწავლო პროცესის ინკლუზიურობა განისაზღვრა.

გიორგი ჩაკვეტაძემ თეატრის საქმიანობასა და მის საერთაშორისო წარმატებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, შთამბეჭდავია ინკლუზიური თეატრის „კონტაქტი“ შედეგები.

„მინდა, მოგილოცოთ, რომ 2025 წელს გახდით მსოფლიოში ერთადერთი ინკლუზიური თეატრი, რომელიც იუნესკოს საერთაშორისო თეატრალურ ინსტიტუტში გაწევრიანდა. ეს არამხოლოდ თეატრის, არამედ სრულიად საქართველოს აღიარებაა“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში პროფესიონალი მხატვრების მიერ შექმნილი ფერწერული, გრაფიკული და ფოტოგრაფიული ნამუშევრები გამოიფინა, ხოლო თეატრ „კონტაქტის“ დასმა მაყურებლის წინაშე თეატრალური წარმოდგენა გამართა.

ღონისძიების მიზანი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ადამიანების ინტეგრაციისა და სოციალიზაციის ხელშეწყობა, მათი შემოქმედებითი და პროფესიული უნარების განვითარება და კულტურულ ცხოვრებაში თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფა იყო.

ღონისძიებას საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, თბილისის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, საკრებულოსა და თბილისის მერიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ინკლუზიური თეატრი „კონტაქტი“ 2013 წლიდან წარმატებით საქმიანობს. დასში გაერთიანებული არიან დრამისა და პანტომიმის პროფესიონალი და აგრეთვე სპეციალური საჭიროების მქონე მსახიობები. თეატრის რეპერტუარში ამ ეტაპზე 10 საავტორო სპექტაკლია, მათ შორის პეკინის დრამატულ ფესტივალზე წარმოდგენილი ნამუშევარი, რომელმაც თეატრს პირველი საერთაშორისო წარმატება მოუტანა.