გელა სამხარაულმა და დავით მათიკაშვილმა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გლობალური საპარლამენტო სამიტის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა
პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გლობალური საპარლამენტო სამიტის მოსამზადებელ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც იტალიის დედაქალაქ რომში გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
შეხვედრას სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტარები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე გლობალური ტენდენციები, რეგიონული პრიორიტეტები, აგროსისტემების ტრანსფორმაციის გამოწვევები და სამომავლო თანამშრომლობის გზები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პარლამენტების როლის გაძლიერებას საკვების უსაფრთხოების და მდგრადი განვითარების მიმართულებით.
გამოიკვეთა საერთაშორისო თანამშრომლობის და ერთობლივი ძალისხმევის საჭიროება - შიმშილისა და არასრულფასოვანი კვების დასაძლევად.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ასევე გაიმართა იტალიის სენატში, რომლის მოდერატორი იყო სენატის ვიცე-პრეზიდენტი ჯან მარკო ჩენტინაიო.
შეხვედრაზე, რომელსაც სენატის წევრები ესწრებოდნენ, დასახული მიზნების განხორციელებაში სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტების ჩართულობის როლზე ისაუბრეს.
ქართული მხარის მხრიდან ყურადღება გამახვილდა სასურსათო უსაფრთხოების გლობალურ, რეგიონულ და ქვეყნის ძირითად გამოწვევებზე სასურსათო და აგრარული მიმართულებით. კერძოდ საუბარია: ფერმერთა მცირემიწიანობაზე, ტექნოლოგიურ ჩამორჩენაზე, განათლებისა და კვალიფიციური მუშახელის სიმცირეზე და ახალგაზრდების დაბალ ჩართულობაზე აგრარულ სექტორში. ასევე, საქართველოს მიერ უკვე მიღებულ საკანონმდებლო ინიციატივებზე.