Loading data...
გელა სამხარაული უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული უნგრეთის ეროვნული ასამბლეის ვიცე-სპიკერს, იშტვან იაკაბს შეხვდა.

შეხვედრაზე ქვეყნებს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის მიმართულებით უნგრეთის გამოცდილების გაზიარებას, მათ შორის, მეცხოველეობისა და მარცვლეული კულტურების წარმოების კუთხით.

„უნგრეთის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია. ჩვენ შევთანხმდით, რომ უნგრელი კოლეგები გაგვიზიარებენ ექსპერტულ ცოდნას საკანონმდებლო მიმართულებით, რათა მაქსიმალურად დავუახლოვდეთ ევროკავშირის კანონმდებლობას.

თავისუფალი ვაჭრობისა და ასოცირების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულებების დიდი ნაწილი სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვას უკავშირდება. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ამ კუთხით ექსპერტების ჩართულობა და რჩევების გაზიარება ევროპული ქვეყნების მხრიდან“, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება ასევე გამახვილდა განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

„სასიხარულოა, რომ 80-მდე სტუდენტის გადამზადების შესაძლებლობა მოგვეცემა. განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, დეფიციტური პროფესიების სია შევადგინეთ და ვმუშაობთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის პრიორიტეტული პროფესიები კიდევ უფრო მეტად განვავითაროთ, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს კვალიფიციური განათლების მიღებაში. შესაბამისად, აქტიურად ვითანამშრომლებთ უნგრეთის უმაღლეს სასწავლებლებთან“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.

შეხვედრაზე პარლამენტის წევრებმა უნგრულ მხარეს საერთაშორისო არენაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

უნგრეთის დელეგაციასთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი გუგუჩია და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით შერაზადიშვილი.