Loading data...
გელა სამხარაული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ლაშა დოლიძეს შეხვდა.

შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმები და სოფლის მეურნეობის განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

გელა სამხარაულმა მინისტრის მოადგილეს სოფლის მეურნეობის კომიტეტის საკანონმდებლო ინიციატივები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „მწარმოებელთა ასოციაციების შესახებ“ ახალი კანონის შემუშავების საკითხს, ასევე „ნიადაგის დაცვის შესახებ“ მოქმედი კანონის განახლების აუცილებლობას.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მუშაობს რეფორმაზე, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებისკენ არის მიმართული. პირველ რიგში, რეფორმა ეხება ინფორმაციის სისტემატიზაციასა და დახვეწას, მონაცემთა ბაზების განახლებას და არსებული პროგრამების გაუმჯობესებას. აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და თანამედროვე მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.