განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
კანონპროექტი კომიტეტის წევრებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ გააცნო.
მომხსენებლის ინფორმაციით, აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს დაემატება წამყვანი პროფესორის თანამდებობა. ასევე, დარეგულირდება აღნიშნული თანამდებობის მქონე პირის აკადემიურ საბჭოში წევრობისა და დეკანის არჩევის პროცესში მონაწილეობის უფლებები.
ზვიად გაბისონიას განცხადებით, დაზუსტდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის სამართლებრივი ჩარჩო.
ამასთან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ შესაძლებლობა, მილევად რეჟიმში კონკრეტული ვადით განახორციელონ ის პროგრამები, რომლებიც მთავრობის დადგენილებით არ იქნება გათვალისწინებული.
შესაბამისად, აღნიშნულ პროგრამებზე უკვე ჩარიცხულ სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ შესაბამისი ვადით გააგრძელონ სწავლა აღნიშნულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.