Loading data...
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია განიხილა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია განიხილა, რომელიც სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

„2027 წელს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება 225 მილიონი ლარით არის გაზრდილი და 2 მილიარდ 928 მილიონ ლარს შეადგენს. სამინისტროს ფარგლებში გათვალისწინებულია სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულების დაფინანსება 2 მილიარდ 83 მილიონი ლარის ოდენობით. პროფესიული განათლების დაფინანსება 248 მილიონ ლარს შეადგენს, უმაღლესი განათლების – 248 მილიონ ლარს, მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა – 95 მილიონ ლარს, ინკლუზიური განათლება – 127 მილიონ ლარს. ახალგაზრდობის მხარდაჭერისთვის 22.5 მილიონი ლარია გათვალისწინებული“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

მომხსენებლის ინფორმაციით, 2027 წლის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილში განათლების ხარჯები 400 მილიონი ლარით არის გაზრდილი, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის, ასევე საბავშვო ბაღებში ხელფასების ზრდა.

უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებულია სახელმწიფო უნივერსიტეტებში უფასო სწავლების დაფინანსება. ნაერთი ბიუჯეტიდან განათლების მიმართულებით კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად გათვალისწინებულია 800 მილიონი ლარი.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ 2027 წლის ძირითადი მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები მიმოიხილა.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2027 წლისთვის 5%-ს შეადგენს. აღნიშნული პროგნოზი სრულ თანხვედრაშია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზთან. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის მაჩვენებელი 3.7%-ია. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 8.9%-ით გაიზრდება და 126 მილიარდ ლარს გადააჭარბებს. ინფლაციის მაჩვენებელი 2027 წელს დაიკლებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს, 3%-ს დაუბრუნდება.

გიორგი კაკაურიძის თქმით, ბიუჯეტის დეფიციტი 2027 წლისთვის დაგეგმილია მთლიანი შიდა პროდუქტის 2.5%-ის დონეზე, შემდგომ წლებში კი მცირედით კლებადი ტენდენცია ექნება. მთავრობის ვალის მაჩვენებელი 2027 წლისთვის 31.6%-ის დონეზეა განსაზღვრული, მომდევნო წლებში კი კლების ტენდენციას შეინარჩუნებს.

ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ნაერთი ბიუჯეტის ჯამური შემოსულობები შეადგენს 37 მილიარდ 531 მილიონ ლარს, რაც 2026 წლის საპროგნოზო მაჩვენებელს დაახლოებით მილიარდ 500 მილიონი ლარით აღემატება. შემოსავლების ძირითადი წყარო საგადასახადო შემოსავლებია, რომლის მოცულობა 2027 წლისთვის 29 მილიარდ 520 მილიონი ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.

მისი თქმით, ვალდებულებების ზრდის ნაწილში მომდევნო წელს ნაერთი ბიუჯეტი 4 მილიარდ 670 მილიონ ლარს მიიღებს. მათ შორის, საშინაო ფასიანი ქაღალდების გამოშვებით დაგეგმილია 2 მილიარდ 600 მილიონი ლარის მიღება.

2027 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი დაგეგმილია 37 მილიარდ 562 მილიონი ლარის ოდენობით. 2027 წლის ნაერთი ბიუჯეტიდან კაპიტალური ხარჯების დასაფინანსებლად მიიმართება 8 მილიარდ 431 მილიონ ლარზე მეტი, რაც მიმდინარე წლის საპროგნოზო მაჩვენებელს თითქმის მილიარდი ლარით აღემატება.

როგორც გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ბიუჯეტის პირველადი ვერსიის განხილვა პარლამენტის სხვა კომიტეტებში გაგრძელდება, სადაც გამოთქმული წინადადებებისა თუ მოსაზრებების ასახვის შედეგად, საბოლოო ვერსია შემუშავდება.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, საქართველოს 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი ვერსია თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა. მისი თქმით, ვინაიდან ეს ბიუჯეტის პირველადი ვერსიაა, მოსალოდნელია ცალკეული პროგრამებისა და მათი დაფინანსების კიდევ უფრო გაზრდა.