განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა აბასთუმანში გასვლითი სხდომა გამართა

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანში, ევგენი ხარაძის ეროვნულ ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში გასვლითი სხდომა გამართა.
კომიტეტის გასვლითი სხდომის მთავარ თემას მეცნიერების სფეროში არსებული გამოწვევების ანალიზი და განვითარების სამომავლო ხედვის ჩამოყალიბება წარმოადგენდა.
სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების განვითარებაზე ისაუბრა.
ზვიად გაბისონიამ კანონმდებლებს სამინისტროს ხედვა მეცნიერების განვითარების ტენდენციებთან დაკავშირებით არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის სტრატეგია გააცნო.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ლაშხის თქმით, კომიტეტის პრიორიტეტს მეცნიერების ხელშეწყობა და განვითარება წარმოადგენს.
„საქართველოს ჰყავს ნიჭიერი ახალგაზრდები, გამორჩეული სამეცნიერო საზოგადოება და სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა. ეს ყველა კომპონენტი ქმნის ძლიერ საფუძველს მეცნიერების განვითარებისთვის, რომელიც სახელმწიფომ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს. კომიტეტი მხარს დაუჭერს ყველა ისეთ ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს მეცნიერების მიმართულებით ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ზრდას გლობალურ დონეზე“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.
კომიტეტის წევრები აქტიურად ჩაერთნენ მეცნიერებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში, მათ თავიანთი მოსაზრებები და რეკომენდაციები გამოთქვეს.
სხდომაზე ზვიად გაბისონიამ კომიტეტის წევრებს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ კანონში ცვლილებები გააცნო.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ცვლილების თანახმად, საგანმანათლებლო დაწესებულება ავტორიზებულად, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა აკრედიტებულად ჩაითვლება ავტორიზაციის/აკრედიტაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის ვადით.
სხდომას ასევე ესწრებოდა ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების დელეგატი ანტონ ობოლაშვილი.
ანტონ ობოლაშვილმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სამცხე-ჯავახეთში გასვლითი სხდომის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„გასვლითი სხდომა საშუალებას მისცემს პარლამენტს უკეთ გაეცნოს რეგიონში არსებულ საჭიროებებს და შეიმუშაოს ეფექტიანი საკანონმდებლო ცვლილებები გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით“, - განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.
დღესვე კომიტეტის სხდომაზე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ანგარიში მოისმინეს, რომელიც ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა წარადგინა.
ასევე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ტექნოლოგიების გადაცემის მენეჯერმა თინათინ ჯაჭვაძემ დეპუტატებს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ხელშემწყობი პროგრამების შესახებ ინფორმაცია გააცნო.
სხდომას ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორი ალექსანდრე თევზაძე, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.