განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრებმა სამცხე-ჯავახეთში საგანმანათლებლო დაწესებულებები დაათვალიერეს

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები სამცხე-ჯავახეთში სკოლამდელ, ზოგად და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეწვივნენ.
კომიტეტის წევრები ადიგენში ახლად რეაბილიტირებულ იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის №1 საჯარო სკოლას ესტუმრნენ, სკოლის განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდნენ.
პარლამენტის წევრებმა ახალციხის ნომერ მეორე საბავშვო ბაგა-ბაღი და ნომერ პირველი საჯარო სკოლა დაათვალიერეს. სკოლაში მეორე წელია ინტეგრირებულია პროფესიული განათლება და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა „Front-end დეველოპმენტი“ ხორციელდება.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები ახალციხეში პროფესიულ კოლეჯ „ოპიზარს“ ესტუმრნენ, სადაც კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნენ და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.
„მნიშვნელოვანია, რომ ამ რეგიონის საგანმანათლებლო დაწესებულებებს გააჩნია ისეთი ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს. სკოლები, ისე როგორც საბავშვო ბაღები, ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა.
კომიტეტის წევრებთან ერთად საგანმანათლებლო დაწესებულებებში იმყოფებოდნენ ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ზაალ გელაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.