ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტებმა გაერთიანებულ სხდომაზე მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ უწყებების ანგარიშები მოისმინეს

ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის აღსრულების და საქართველოში მომხმარებლის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიშები მოისმინეს.
სხდომაზე ანგარიშები წარადგინეს საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილემ ეკატერინე წერეთელმა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრმა ვახტანგ აბაშიძემ.
მოხსენებებში საუბარია შესაბამისი კანონების აღსრულების, ასევე მომსახურების სხვადასხვა სფეროში მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტების, საჩივრებზე რეაგირებისა და უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ.
„მომხმარებლის უფლებათა დაცვის საკითხი მნიშვნელოვანია, როგორც ევროპასთან ინტეგრაციის დღის წესრიგის აღსრულების თვალსაზრისით, ასევე საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, ვინაიდან ეს ის თემაა, რომელიც ეხება ყველას, იქნება ეს პროდუქტის მომხმარებელი თუ ბიზნესის წარმომადგენელი. ამიტომ გასაკვირი არ არის ამ საკითხისადმი ჩვენი, როგორც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ინტერესი“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა სხდომაზე.
მისივე თქმით, ეს თემა მრავალი წელი იდგა პარლამენტის დღის წესრიგში, რაც 2022 წელს მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი კანონის მიღებით დასრულდა. კანონის მთავარი მიზანი იყო, რომ საქართველოს ბაზარზე მომხმარებელი ანუ თითოეული მოქალაქე დაცული ყოფილიყო ევროპული სტანდარტების შესაბამისად, ხოლო კონკურენცია უფრო მეტად ჯანსაღი და სამართლიანი.
„მრავალწლიანი გამოცდილებით უკვე მივედით იქამდე, რომ ევროპული სტანდარტების დანერგვა დღეს უკვე ხშირ შემთხვევაში ასოცირდება არა იმდენად ახალი საკანონმდებლო პაკეტების მიღებასთან, არამედ არსებული კანონმდებლობების უფრო მეტად დახვეწასთან და არსებული პრაქტიკის უფრო მეტად გაუმჯობესებასთან. რაც შეეხება კონკრეტულად მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხს, სახელმწიფო უწყებებს დიდი გამოცდილება დაუგროვდათ ამ მიმართულებით. გვინდა პრაქტიკაში ვნახოთ როგორ მუშაობს ესა თუ ის კანონი და რა შეიძლება კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ. ცოტა ხნის წინ მომხმარებელთა უფლებების დაცვის კვირეული აღინიშნა და დღეს ეს მოსმენაც შეიძლება განვიხილოთ ამ პროცესის გაგრძელებად“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
როგორც დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა განაცხადა, უწყებების ანგარიშების მოსმენა მნიშვნელოვანია მომხმარებელთა დაცვის სფეროს კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად.
„ჩვენი მიზანია მაქსიმალურად შევძლოთ მომხმარებელთა უფლებების დაცვა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ბალანსი რეგულაციებსა და მომხმარებლის ინტერესებს შორის, რამდენადაც ჩვენი ამოცანაა, რომ რეგულაციები რაც შეიძლება ეფექტური იყოს ერთი მხრივ, ბიზნესისთვის და მეორე მხრივ, კონკურენციის გაჯანსაღებით კიდევ უფრო დაცული იყოს მომხმარებლის უფლებები“, - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა.
კომიტეტებმა წარმოდგენილი ინფორმაციები ცნობად მიიღეს.