ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ საქართველოს კანონის“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ საქართველოს კანონის“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი წარადგინა.
კანონპროექტის თანახმად, ბიზნესომბუდსმენის აპარატი უქმდება, კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის პროცედურებს კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განახორციელებს. ბიზნესომბუდსმენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე გააგრძელებს საქმიანობას.
შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ბიზნესსაქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ასევე ფინანსთა სამინისტროში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, ამასთანავე, ანალოგიურ საქმიანობას მარეგულირებელი კომისიები და ბიზნესასოციაციებიც ახორციელებენ. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ცალკე ინსტიტუტის - ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაუქმების საკითხი.
კანონპროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი და თორნიკე ბერეკაშვილი.
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ცვლილებათა პაკეტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.