ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებული კანონპროექტები პირველი მოსმენით განიხილა.
სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე - „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი წარადგინა.
მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტთა პაკეტი საქართველოს კეიპტაუნის კონვენციასთან მიერთების მიზნით მომზადდა.
მისი თქმით, კანონპროექტთა პაკეტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება კეიპტაუნის კონვენციით განსაზღვრული კრედიტორის უფლება - საერთაშორისო რეესტრში დაარეგისტრიროს საავიაციო ობიექტთან დაკავშირებული საერთაშორისო ინტერესი, აგრეთვე სახელშეკრულებო დეფოლტისას მოითხოვოს საავიაციო ობიექტის საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრიდან მყისიერი ამოღება, რაც უცხოური ინვესტიციებისთვის საქართველოს საავიაციო ბაზრის სანდოობას გაზრდის და ქართულ ბაზარზე არსებული ავიაგადამზიდველებისთვის საავიაციო ობიექტის ფასს მკვეთრად შეამცირებს.
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მოქმედ რეგულაციებთან საქართველოს საზღვაო კოდექსის შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი, რომელზეც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა ისაუბრა.
მისი განმარტებით, კანონპროექტის მიზანს კანონმდებლობაში არსებული ტექნიკური ხარვეზის აღმოფხვრა წარმოადგენს, რომელიც აღიარებული ორგანიზაციების მიმართ მოთხოვნების სამართლებრივ განსაზღვრას უკავშირდება. შესაბამისად, კანონპროექტის მიღებით, ქართული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტების და ნორმების ჰარმონიზაცია მოხდება.
კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტები მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივაა და მათი მიღებით ქართული კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება მოხდება.
სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები წარადგინა.
მომხსენებლის განმარტებით, კანონპროექტის შემუშავება სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოში საჩივრის წარდგენის საფასურის ცვლილებამ განაპირობა, რადგან მოქმედი რეგულირების პირობებში, დავების განხილვის საბჭოში საჩივრის წარდგენის საფასურის ოდენობა, განხორციელებული შესყიდვების სავარაუდო ღირებულებასთან შესაბამისი და პროპორციული არ არის.
„კანონპროექტი უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ დავების განხილვის საბჭოში, საჩივრის წარდგენის შემთხვევაში, საფასურის გადახდის შემდეგნაირად განსაზღვრას: სახელმწიფო შესყიდვის შემთხვევაში - შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 2%, გამარტივებული შესყიდვის შემთხვევაში - გამარტივებული შესყიდვის ღირებულების 2%. ამასთან, საფასური არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები და 1000 ლარზე მეტი“, - აღნიშნა ვახტანგ ბაჩიაშვილმა.
მთავრობის საპარლამენტო მდივანმა კომიტეტის წევრებს საქართველოს მთავრობის მიერ შეერთებისთვის წარმოდგენილი „დიზაინის სამართლის შესახებ“ რიადის ხელშეკრულების დოკუმენტი და „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი გააცნო.
მისი თქმით, ხელშეკრულების მიზანს დიზაინის დაცვის სფეროში ერთიანი, მინიმალური სტანდარტების დადგენა წარმოადგენს, რაც სხვადასხვა ქვეყნის განსხვავებული პროცედურებით გამოწვეულ ხარჯებსა და ვადებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. აღნიშნულ ხელშეკრულებასთან შეერთებით, ქართველ დიზაინერებს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს საზღვარგარეთ საკუთარი ნამუშევრების სამართლებრივი დაცვა გაუმარტივდებათ.
ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, რიადის ხელშეკრულება, რომელიც 2024 წელს საუდის არაბეთში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დიპლომატიურ კონფერენციაზე მიიღეს, მსოფლიოს 28 სახელმწიფო უჭერს მხარს.
კომიტეტმა სხდომაზე განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირა.