Loading data...
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები პირველი მოსმენით განიხილეს.

პარლამენტის წევრმა ირაკლი შატაკიშვილმა „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტი პირველი მოსმენით წარადგინა.

ცვლილებების თანახმად, თბილისის მსგავსად, საქართველოს თვითმმართველი ქალაქების საკრებულოებს, ქალაქის მერის წარდგინებით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის უფლებამოსილება მიენიჭება. მომხსენებლის განმარტებით, სსიპ-ები სხვადასხვა სფეროს მართვის ეფექტიანობას გააძლიერებს და საჯარო და მუნიციპალური სერვისების დახვეწას შეუწყობს ხელს.

კომიტეტის სხდომაზე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტზე პრინციპების დონეზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების იმპორტი გათავისუფლებულია დამატებული ღირებულების და იმპორტის გადასახადისგან, თუმცა ანალოგიური შეღავათი აქციზის გადასახადზე არ ვრცელდება, რაც პრაქტიკულ და სისტემურ პრობლემებს ქმნის.

კერძოდ, აქციზური საქონლის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ იგი უკვე სახელმწიფოს საკუთრებაშია, მისი იმპორტისას სახელმწიფოს აქციზის გადახდის ვალდებულება ეკისრება. წარმოდგენილი ცვლილებით, საგადასახადო კოდექსის 194-ე მუხლს ახალი ქვეპუნქტი დაემატება, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონლის იმპორტი აქციზის გადასახადის გადახდისგან გათავისუფლდება.

კომიტეტის წევრები „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტებსაც გაეცნენ, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა წარადგინა.

მომხსენებლის ინფორმაციით, მოქმედი საზღვაო კოდექსი შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების რეგისტრაციისა და იპოთეკის საკითხებს სრულყოფილად არ არეგულირებს, რაც ქმნის სამართლებრივ ხარვეზს და ართულებს ამ სფეროში ერთიანი სამართლებრივი რეჟიმის უზრუნველყოფას. წარმოდგენილი ცვლილებებით, კი საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრს დაემატება ახალი წიგნი - შიდა სახმელეთო წყლების გემის წიგნი, სადაც შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული გემების რეგისტრაცია მოხდება.

აღნიშნულ მცურავ საშუალებებზე გემების რეგისტრაციასთან დაკავშირებული კოდექსის მოთხოვნები გავრცელდება. კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება.

კომიტეტის წევრებმა ასევე განიხილეს „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.