Loading data...
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილა

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისი თანმდევი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები წარადგინა.

ცვლილებების შედეგად, სახელმწიფოს მიერ, ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებას შესაძლებლობა მიეცემა, საგანმანათლებლო საქმიანობის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზება განახორციელოს.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, პროფესიულმა სასწავლებლებმა, ისევე, როგორც უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა, სასწავლო პროცესის ფარგლებში წარმოებული პროდუქციის რეალიზება შეძლონ. მისივე თქმით, პროფესიულ სასწავლებლებში სამეწარმეო საქმიანობის და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას სამინისტრო გააკონტროლებს.

კომიტეტის თავმჯდომარის შოთა ბერეკაშვილის თქმით, პროფესიული განათლების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია. შესაბამისად, კომიტეტი მიესალმება და მხარს უჭერს წარმოდგენილ ინიციატივას. სხდომაზე საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ აკაკი ალადაშვილმა „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტზე ისაუბრა.

მომხსენებლის ინფორმაციით, ცვლილებების შედეგად, მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა ეძლევათ, ახალი სანებართვო მოსაკრებელი დააწესონ. საქმე ეხება სამშენებლო სამართალდამრღვევის მიერ აღიარების შემთხვევაში დარღვევით განხორციელებული მშენებლობის აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელს. აკაკი ალადაშვილის განცხადებით, თითოეულ მუნიციპალიტეტს უფლებამოსილება მიენიჭება, დააწესოს არაუმეტეს 40 ათასი ლარის ოდენობის მოსაკრებელი, რომელსაც უკეთესი ადმინისტრირებისთვის გამოიყენებს.

სხდომაზე კომიტეტის წევრები „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტსაც გაეცნენ, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ წარადგინა. მისი თქმით, ცვლილებებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები შესრულდება და თანამედროვე სტანდარტები დაინერგება. მისივე განცხადებით, წარმოდგენილი კანონპროექტით და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტით, ტერმინთა განმარტებების დაზუსტება და ტექნიკური რეგლამენტების ახლებურად შესრულება იგეგმება.

კომიტეტის სხდომაზე განხილულ კანონპროექტებს კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს.