Loading data...
ეკა სეფაშვილი: ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც ემყარება რეალურ ღირებულებებს და არა იმ ღირებულებებს, რომელსაც ამჟამინდელი ევრობიუროკრატები ქადაგებენ

„ჩვენ გვინდა ის ევროპა, რომელიც ემყარება რეალურ ღირებულებებს და არა იმ ღირებულებებს, რომელსაც ამჟამინდელი ევრობიუროკრატები ქადაგებენ, რომლებიც არ გმობენ ძალადობას, აღვივებენ პოლარიზაციას, აფინანსებენ რადიკალიზმს და ასე ცდილობენ საქართველოში გარკვეული არეულობის შემოტანას“, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის მოადგილემ ეკა სეფაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2022 წლამდე ევროკავშირის ანგარიშები საქართველოს შესახებ ეთიკური წინადადებების წყობით გამოირჩეოდა, მაგრამ 2022 წლიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო და საქართველომ უარი განაცხადა დაეწესებინა ორმხრივი სანქციები რუსეთისადმი, ეს ევროკავშირმა აღიქვა, როგორც ევროკავშირისა და ევროინტეგრაციის წინააღმდეგ გალაშქრება და დასავლური საზოგადოების მხრიდან დაიწყო საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხზე ზეწოლა, რომ ქვეყანა ომში ჩართულიყო.

როგორც ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ არაერთი უსამართლო განცხადება გაკეთდა. მათ შორის, ერთ-ერთი ბრალდება იყო ის, რომ საქართველომ არ დააწესა ორმხრივი სანქციები რუსეთის ფედერაციასთან. მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები აკნინებს ევროპელების რეპუტაციას ქართველების თვალში.

„ამ ევროპისთვის არ იბრძოდა ქართველი ხალხი და ამ ევროპაში ინტეგრაცია არ სურს საქართველოს მოსახლეობის იმ 80%-ს, რომელიც ყველა გამოკითხვაში აფიქსირებს თავის ერთგულებას ევროპული ინტეგრაციისადმი. ჩვენ გვინდა ტოლერანტობა, სამართლიანობა, შემწყნარებლობა, ღირსების პატივისცემა და რა თქმა უნდა, პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.