Loading data...
დიმიტრი ხუნდაძე: მჯერა, საქართველოს მოსახლეობა შეცდომას არ დაუშვებს და არჩევანს მშვიდობისა და ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ გააკეთებს

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების შესახებ პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალა“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

„მოახლოვდა მორიგი თვითმმართველობის არჩევნები და საზოგადოებაც მორიგი პოლიტიკური განაცხადისთვის ემზადება. ვფიქრობ, არჩევანი საზოგადოებას არ გაუჭირდება. არც უნდა გაუჭირდეს პოლიტიკაში მაღალი გამჭვირვალობის გამო. ყველაფერი ზედაპირზეა! მათ უკვე იციან იმ ხელისუფლების ფასი, რომელმაც საკუთარი პრინციპულობის ხარჯზე დაიცვა ჩვენი სამშობლო და თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე.

ყველას კარგად ახსოვს, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სოლიდარული აჟიოტაჟი ატყდა, საქართველოში ქართული დროშა პრაქტიკულად აღარ იძებნებოდა. სამწუხაროდ, დროშის ფრიალმა ომი ვერ შეაჩერა. არათუ ომი შეაჩერა, ლამის ცეცხლი და მახვილი შემოიტანა საქართველოში.

გმირად წარმოდგენილ ზელენსკის სამაგალითო ლიდერად ხან სენატიდან, ხან კონგრესიდან და ხან სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებიდან წარმოგვიჩენდნენ. ცოტა ხნის წინ მას თავად დასავლეთში ჩაცმულობა დაუწუნეს და გადაწყვეტილებებისთვის მკაცრად დატუქსეს.

საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მხრიდან უკრაინაში ომის დაწყების მიზეზად ქვეყნის ნატოში გაწევრიანების სურვილი დასახელდა და ამის გამო მმართველი გუნდი ლამის ჯვარზე გააკრეს.

აგენტურულმა ოპოზიციამ შემდეგ სპეკულაციები მოაყოლა ამ ყველაფერს, მაგრამ ცოტა ხანში ნატოს მაშინდელმა გენმდივანმა ომის დაწყების მთავარ მიზეზად ნატოში გაწევრიანებისკენ უკრაინის სწრაფვა დაასახელა. ამ შემთხვევაში, ოპოზიციამ ეს არ შეიმჩნია და გაისუსა“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მხრიდან საქართველოში არეულობების მოწყობის და მათი მხარდაჭერის შესახებაც ისაუბრა.

მისი თქმით, პრაქტიკულად ყოველდღე მიდის საუბარი იმის შესახებ, რომ USAID-ი თბილისში არეულობას, მაიდანს და რევოლუციას გეგმავდა.

„იმიტომ ვსაუბრობდით, რომ ამ რისკებს ვხედავდით. ახლა კი თავად დონორმა ქვეყანამ - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღიარა, რომ ეს ნამდვილად ასე იყო და თავად შეაჩერა ამ ორგანიზაციის დიდი ფულის ხარჯვა მინიშნებით, რომ ის სხვადასხვა ქვეყანაში მათთვის არასასურველი ხელისუფლებების დასამხობად იხარჯებოდა.

დახურვამდე კი პიროტექნიკით, წიწაკის სპრეით და მოლოტოვის კოქტეილებით ამარაგებდნენ ადგილობრივ აგენტურულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაგან ზოგი ქვეყნის ცალ ფეხზე დგომას ჰპირდებოდა საზოგადოებას, ზოგი არჩევნებს აყალბებდა და ყველანი ერთად ცდილობდნენ ქვეყანაში ხელისუფლების ჩამოშლას.

ამ ყველაფრის შემსრულებლებს გმირებად აცხადებდნენ. მიუხედავად საქართველოს ომში ჩართვის ინტენსიური მცდელობისა, ეს ვერ მოხერხდა. არადა, რა შესაძლო შედეგით დასრულდებოდა ომი, ამის სამწუხარო მაგალითი გვაქვს უკრაინის სახით. უკრაინა რუსეთისა და დასავლეთის ბრძოლის ველად აქციეს, სანაცვლოდ კი ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას დაჰპირდნენ, მაგრამ მალე ერთზეც უარი უთხრეს და მეორეზეც.

სამაგიეროდ, ახლა უკვე უკრაინას არწმუნებენ, რომ ომის დასრულებისთვის ტერიტორიების დათმობაა საჭირო. რუსეთის პრეზიდენტს ტაში დაუკრეს და უკრაინის საკითხის განხილვაზე თავად უკრაინა არ მიიწვიეს. ასეა, მძიმეა უპირობო მორჩილების ფასი“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს საქართველოს მოსახლეობა შეცდომას არ დაუშვებს და არჩევანს მშვიდობისა და ქვეყნის განვითარების სასარგებლოდ გააკეთებს.

„მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მთავრობას შევახსენო - მიუხედავად ბევრი გაკეთებული საქმისა, რასაც შეხვედრებისას ხალხი თავად ადასტურებს, არის მოუგვარებელი პრობლემები. მაგალითად, დუშეთის მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ არსებობს 40-მდე უშუქო სოფელი; მცხეთა-მთიანეთში ჯერ კიდევ არსებობენ სოფლები გაზიფიცირების გარეშე და მოსახლეობა ამ პრობლემის მოგვარებას ითხოვს; პრობლემად რჩება სკოლები და საბავშვო ბაღები - ზოგი დაწყებული პროექტია, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო გადავადდა.

ჯერ კიდევ პრობლემად რჩება, ქრონიკულ პრობლემადაა ქცეული მცხეთის განაშენიანების გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით მოქმედი მორატორიუმი. ვიტოვებ იმედს, რომ ხშირად აღარ მომიწევს ამ საკითხებზე ამ ტონით, ტრიბუნიდან საუბარი და უშუალოდ ამ თითოეული პრობლემის, კიდევ სხვა პრობლემების მოგვარების აქტიურ რეჟიმზე გადავალთ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.