დიასპორის, კულტურისა და სპორტის კომიტეტებმა 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში განიხილეს
დიასპორის, კულტურისა და სპორტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილი საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში განიხილეს.
როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, საანგარიშო პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდა 7.7%, წლევანდელი ბიუჯეტი კი 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი. მისივე თქმით, 2025 წლის სექტემბერში ინფლაციის დონემ წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაცია) 4.8% შეადგინა, ამავე პერიოდისათვის საშუალო ინფლაცია 3.0% დონეზეა (12 თვის საშუალო). ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედ ფაქტორებზე საუბრისას ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, რომ ცხრა თვეში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 18 545.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 9.1%-ით მეტია.
მისივე თქმით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს 5 326.9 ათასი საერთაშორისო ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 5.6%-ით მეტია. მათ შორის, ტურისტული ვიზიტორების რაოდენობა 4 307.1 ათას შეადგენს, რაც გასული წლის ანალოგიურ მონაცემზე 7.9 პროცენტით მეტია.
გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 3 637.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.1%-ით მეტია გასული წლის 9 თვის მაჩვენებელზე.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დეპუტატებს 2025 წლის იანვარ-სექტემბრის ნაერთი ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა. მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში 21 032 321.1 ათასი ლარია მობილიზებული, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 102.8%. 2025 წლის იანვარ-სექტემბრის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულების შესახებ საუბრისას მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის 9 თვეში მობილიზებულია 17 767 102.4 ათასი ლარი, ანუ საპროგნოზო მაჩვენებლის 102.5%.
მომხსენებელმა დეპუტატებს უწყებების მიხედვით ბიუჯეტის ხარჯვის მონაცემები გააცნო.
„საგარეო საქმეთა სამინისტრომ 144 მილიონ ლარამდე აითვისა და შესრულების მაჩვენებელი 88%-მდეა, სპორტის სამინისტროს ათვისებული აქვს 240 მილიონზე მეტი და შესრულების მაჩვენებელი - 96%-ია, ხოლო კულტურის სამინისტრომ 175 მილიონ ლარამდე აითვისა და შესრულების მაჩვენებელი - 73%-ია. სპორტის სამინისტროს მიმართულებით, სავარაუდოდ, დაგვჭირდება გარკვეული ცვლილებები და თანხის დამატება, იმისთვის, რომ სხვადასხვა ფედერაციებთან მიმართებით არსებული ვალდებულებები დაფინანსდეს. კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებით მოგვიწევს პროექტებს შორის თანხების გადანაწილება და გარკვეული ვალდებულებების შესრულება. საბოლოო ჯამში, 9 თვის მთლიან შესრულებასთან დაკავშირებით პროცესი ნორმალურად მიდის, თუმცა რიგ პროექტებში შესაძლოა იყოს თანხების აუთვისებლობა. ამიტომ ნოემბრის ბოლოს გარკვეულ ცვლილებებს წარმოვადგენთ, რომლითაც პროექტებსა და პროგრამებს შორის თანხების გადანაწილება მოხდება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა.
დიასპორის, კულტურისა და სპორტის კომიტეტებმა საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიში ცნობად მიიღეს.