Loading data...
დავით მათიკაშვილი: საქართველოში ფსევდოლიბერალური ღირებულების, ერთსქესიანთა ქორწინების, ერთსქესიანი წყვილების მიერ შვილად აყვანის პროპაგანდა, არ გავა

„სამწუხაროდ, გამოწვევები მხოლოდ საქართველოსთვის არ არის, მთელი მსოფლიოსთვისაა. სხვა ერებიც ძალიან ბევრს ფიქრობენ როგორ დაიცვან საკუთარი თვითმყოფადობა და ზნეობა, მოჭარბებული, მომძლავრებული ფსევდოლიბერალური ღირებულებების პროპაგანდისგან. ამ მოცემულობაში დაიკარგა ის საფუძველთა-საფუძველი თუნდაც, „ენა, მამული, სარწმუნოების“ სახით, რომელიც სწორედ, ილიასეული ლიბერალობის საფუძველი იყო“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა ზუგდიდში, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობამ რამდენიმე დღის წინ იხილა მცდელობა, რომ ამ სამი საუნჯიდან ერთ-ერთი - „სარწმუნოება“ შეეცვალათ „ერთობით“.

„ერთობის წინააღმდეგი არავინ არის, მაგრამ სარწმუნოების ამოღება ხომ ფაქტობრივად ეკლესიასთან ჩვენი ფუნდამენტური, ძირეული კავშირის გაწყვეტას ნიშნავს, რაც მეოთხე საუკუნიდან დაწყებული, ჩვენი ერისთვის ენასთან და მამულთან ერთად არის ძირითადი ღერძი, არქიტექტურა ქართული მენტალობის, სინდისის და კულტურის“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, ჩვენი კულტურა, ზნეობა და მორალი ვერ შეიწყნარებს იმ ღირებულებებს, რასაც ფსევდოლიბერალური ჰქვია და რაც ეწინააღმდეგება ოჯახურ ღირებულებებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმცირესობის უფლებები კანონით არის დაცული, თუმცა ამავდროულად, დაცული უნდა იყოს მოსახლეობის უმრავლესობის უფლებები.

„საკონსტიტუციო განხილვის ღერძი არის, რომ თუკი უმცირესობის უფლებები არის (და უნდა იყოს კიდეც) ქვეყანაში დაცული, ამავდროულად, უხეშად ნურავინ ჩაერევა ქართულ ზნეობასა და მენტალობაში. ჩვენ გვაქვს იმისი სრული უფლება, რომ მთელი მსოფლიოს გასაგონად ვთქვათ - საქართველოში ფსევდოლიბერალური ღირებულების, ერთსქესიანთა ქორწინების, ერთსქესიანი წყვილების მიერ შვილად აყვანის პროპაგანდა, არ გავა. ეს იქნება აკრძალული, ეს იქნება დაუშვებელი“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.